პროევროპულმა ოპოზიციურმა ძალებმა საპროტესტო აქცია ხვალ, 24 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედანზე დააანონსეს. შეკრება 21:00 საათზე დაიწყება.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალინდელ აქციას შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც. ამის შემდეგ ერთობლივი მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით გაიმართება, სადაც ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები ღამეს გაათევენ.
"24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით, აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, რეგიონებიდან შემოგვიერთდება მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. 21:00 საათზე, შეკრების შემდგომ, ჩვენ ფეხით მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს. დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები, რომელიც ჩამოვა „რესპუბლიკის მოედანზე“ , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ავტომობილები, რომელიც შეიკრიბება „თავისუფლების მოედანზე“ შემდგომი ღამის, დაახლოებით, 2 საათის მანძილზე, მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით იმისთვის, რომ ამ მანქანების მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოხვიდეთ რუსთაველზე“.განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამ წუთებში კი საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე მიმდინარეობს.