
მაშინ როცა ილონ მასკი მარსის კოლონიზაციას გეგმავს და კოსმოსში საჰაერო ხომალდებს ლამის ყოველკვირეულად გზავნის, მაშინ როცა მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და დახვეწაზე ფიქრობს, მაშინ როცა თანამედროვე ადამიანი რობოტებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებს, საქართველოს პრემიერი გვეუბნება, რომ მომავლის საქართველო, არც მეტი არც ნაკლები - საჩხერის მოდელზე უნდა დაშენდეს.
ისე კი, გახარიასაც ჰქონდა მცდელობა მხარი აება თანამედროვე მსოფლიოსთვის. ივნისში ის საქართველოში ჩამოყვანილ ცნობილ რობოტ პეპერს შეხვდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან რობოტმა გახარიას სიტყვის მოსმენისას ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყო, ფეხი დაუცდა და მიწაზე დაენარცხა.
ამიტომაც პრემიერმა ისევ საჩხერისკენ იქცია პირი.
გახარიას სიტყვის მერე, გადავწყვიტეთ, დროის მანქანით მომავლის საქართველოში გვემოგზაურა და საჩხერეში ჩავსულიყავით.
ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... ევროპა ასეთი ხელშესახები ადრე არასდროს ყოფილა.
წარმოუდგენლად მაღალი დონის საგზაო ინფრასტრუქტურა დაგვხვდა - უხარვეზო და სრულყოფილი, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით დაპროექტებული, მოქალაქეებზე მაქსიმალურად მორგებული, რამაც ძალიან შეგვიწყო ხელი კომფორტულ გადაადგილებაში.
საჩხერის უსაფრთხოების ხარისხს კიდევ უფრო მეტად ზრდის ქალაქის ცენტრში მდგარი მომავლის მილიციის... უკაცრავად, პოლიციის ულტრა-თანამედროვე შენობა, რომლის დანახვისთანავე ჩვენს სულებში სიმშვიდემ დაისადგურა... მივხვდით - საიმედო ხელში ვიყავით.
სინგაპური ? დუბაი ? აბუ-დაბი ? არა, მეგობრებო.... საჩხერე! თავისი მომავლის საცხოვრებელი კორპუსებით, საბავშვო ბაღებით, საბაგიროებით, რკინიგზის სადგურებით, ხიდებით და რაც მთავარია, სრულად დამარცხებული სოციალური სიდუხჭირით, როგორც ამას ბატონი ბიძინა 2012 წელს გვპირდებოდა...მაგრამ არჩევნების მოგების შემდეგ ტექსტები ცოტათი შეცვალა.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ხალხს კიდევ ერთი დაპირება მისცა.
თქვა კაცმა და შეასრულა კიდეც. აგუგუნებული დაგვხვდა საჩხერის საკონსერვო ქარხანა, ათასობით გამრჯე მუშა ერთმანეთში ქაოტურად ირეოდა, უზარმაზარი ტრაილერები საწყობებიდან თევზისა და საქონლის ხორცის კონსერვებს მიეზიდებოდნენ... ცხოვრება ჩქეფდა და ყველას უხაროდა. ამან კიდევ ერთხელ გამახსენა ბატონი პრემიერის სიტყვები.
საჩხერე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია. უმუშევრობის დონე მეზობელ ჭიათურასთან შედარებითაც კი მაღალია. ბაზრები დაცარიელდა როგორც მოვაჭრეების, ისე მყიდველებისგანაც. მოვაჭრე ნანა ბიწაძეს კი ბაზრის ადმინისტრაცია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩაგრავს და ბაზრიდან გაგდებით ემუქრება.
ბაზრის ადმინისტრაციამ როგორც კი კამერები დაინახა, მაშინვე გამოგზავნა თავისი მსტოვრები, რომლებიც ნანა ბიწაძეს მოუწოდებდნენ, მშობლიურ ჭიათურაში დაბრუნებულიყო.
ავტორი: ბექა ყორშია