ვიქტორ წილოსანი - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი
ირაკლი თავართქილაძე - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
თეიმურაზ ბოლოთაშვილი - თბილისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი
ირაკლი ხმალაძე - ვიცე მერი
დავით ფაჩულია - თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი.
ეს თბილისის მერიის ის მაღალჩინოსნები არიან, რომელთა გათავისუფლების პროცესიც მიმდინარეობს. წყაროს ინფორმაციით, კალაძემ საკადრო წმენდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტოტალური გაყალბების მიუხედავად ქართული ოცნება დედაქალაქში დამარცხდა.
არაერთი წყარო, მათ შორის საჯაროც, ადასტურებს, რომ თანამდებობა უკვე დაატოვებინეს ვიქტორ წილოსანს, ჩინოვნიკს რომელიც კახა კალაძის ახლო გარემოცვის წევრია და მერიაში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის პოსტს 4 წელი იკავებდა.
წილოსანმა დედაქალაქის მოქალაქეებს თავი სატრანსპორტო რეფორმებით დაამახსოვრა. საცობებისგან გადატვირთული ქუჩების განმუხტვა სწორედ მას ებარა.
მერიის ინიციატივებიდან ერთ-ერთი პირველი, რაც ყველას ახსენდება, მეტროში შექმნილი კოლაფსის განსამუხტად დაყენებული რიგის მომწესრიგებლებია. ვიქტორ წილოსანი ორი წლის წინ განმარტავდა, რომ ზოგიერთ მეტროსადგურში საცობს მგზავრები ქმნიან, რადგან ზოლში არ მოძრაობენ და რიგის დაცვის პრობლემაა.
მერიაში არსებულ კორუფციაზე ოპოზიცია და ექსპერტები წლებია საუბრობენ და კონკრეტულ მაგალითებსაც უთითებენ, თუმცა ამ მიზეზით სამსახურიდან არავინ გაუშვიათ. კითხვებს აჩენს, ვინ და რატომ დაიწყო იმ პირების საკადრო წმენდა, რომლებიც დედაქალაქის მერის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ.
როგორც ირკვევა, შიდა არეულობა მერიაში 26 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო. ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რამდენიმე წყარო გვიყვება, რომ მერიის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა არჩევნებზე მხარი ოპოზიციას დაუჭირა, პრობლემა იყო ისიც , რომ ამ სტრუქტურიდან ბევრი გაზაფხულზე მიმდინარე აქციებშიც აქტიურად მონაწილეობდა.
წყარო მერიიდან გვიყვება იმასაც, რომ მარცხის შემდეგ კახა კალაძემ დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაიბარა და უსაყვედურა. წყაროს ინფორმაციითვე, განსაკუთრებული პრეტენზია მერს თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ჰქონდა, რადგან ამ დეპარტამენტის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა ხმა ოპოზიციას მისცა. ამავე წყაროს ინფორმაციით, კალაძეს სპეციალური სია ქონდა სადაც იმ "ურჩი თანამშრომლების" გვარები ეწერა ვინც 26 ოქტომბერს ქართული ოცნება არ გააფერადა. ინფორმირებული პირი მერიიდან გვიმტკიცებს რომ არქიტექტურის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ ბოლოთაშვილი სწორედ ამას შეეწირა.
მერიის შიგნით და უკვე საჯაროდაც აქტიურად საუბრობენ, რომ თანამდებობას, სავარაუდოდ, დეკემბერში დატოვებს ვიცე- მერი ირაკლი ხმალაძეც. სხვადასხვა წყარო გვიმტკიცებს რომ ის ვალდებული იქნება განცხადება თავად დაწეროს. ირაკლი ხმალაძის მიმართ შეკითხვები აქამდეც არაერთხელ დასმულა. ხელისუფლების ოპონენტები სულ ამტკიცებენ რომ კალაძის მარჯვენა ხელი ყველა იმ საქმის ფიგურანტია რომლის არაოფიციალური გამოძიებაც სუსში მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც საკადრო წმენდის შესახებ საუბარი საჯაროდ დაიწყო ამბავში მონაწილე პირებთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. მერიის პრესსამსახურში კი არ გვიდასტურებენ, რომ რომელიმე მათგანმა თანამდებობა დატოვა და გვეუბნებიან, რომ ისინი მუშაობას აგრძელებენ.
ავტორი: დავით კობიძე