მოსახლეობის 1% ფიქრობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში დასაქმების, სიღარიბის, ლარის გაუფასურებისა თუ ფასების ზრდის კუთხით ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ვინ არის გამოკითხულთა ის 1%, რომელსაც IPSOS-ის კვლევის მიხედვით "ქართული ოცნების" 8 წლიანი მმართველობა ისე მოსწონს, რომ კატასტროფულად გაუფასურებული ლარის, სიღარიბისა და შიმშილის პირობებში, სწორედ ამ მაჩვენებლებზე ამბობს რომ ქვეყნაში ყველაფერი კარგადაა. მეტიც, რასაც ოცნების ხელისუფლება აკეთებს, მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს.
აფხაზეთიდან დევნილი პოეტი პაატა შამუგია ამბობს, რომ საზოგადოების ამ მცირე ნაწილს, ქვეყნაში შექმნილ ვითარებაზე ფასადური წარმოდგენა "ოცნების" პროპაგანდამ შეუქმნა.
გია ბუღაძე დააფიქრა იმ ხალხის არჩევანმა, ვინც მხარს უჭერს მთავრობას, რომელმაც ქვეყანა გააჩერა, თორემ ის 1% რომ იარსებებს, იმ პირობებში როდესაც პრემიერ-მინისტრი ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფციას დასაშვებად მიიჩნევს, გასაკვირი სულაც არ არის.
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ის რაც ახლა სახელწიფოს სჭირდება ისტორიულად რომ გადახედო-დავით აღმაშენებლის მართვის მოდელია. ეს რამდენიმე სიტყვით ასე ითქმის: აქტიურობა, ერთ ადგილზე არ გაჩერება და სულ მოძრაობა. "ოცნება" კი მოსახლეობას ამის საპირისპირო მართვის მოდელს სთავაზობს.
მმართველი პარტიის ასეთ დამოკიდებულების საფუძველი გია ბუღაძისთვის "ოცნების" 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამიდან იწყება, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობის საკითხი აღარ უნდა ყოფილიყო.
ქვეყნის უპერსპექტივობაზე "ოცნების" ლიდერებისგან არაერთი განაცხადი მოგვისმენია, მაგრამ მმართველობიდან მე-7 წელს ბიძინა ივანიშვილის გზავნილმა ყველაფერს გადააჭარბა. ირკვევა რომ მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნას არ აპირებს, აანონსებს რომ საქართველოს მოქალაქეებს გადაამზადებს და მათი ევროპაში სამუშაოდ გაშვებას გეგმავს.
შორს რომ არ წავიდეთ, ოცნების ყველაზე ბოლო დანაპირებს გაგახსენებთ მმართველი პარტიის წინასაარჩვენო შეხვედრიდან. ივანიშვილის გუნდი საქართველოს საჩხერიზაციას აპირებს და ქვეყნის განვითარების მოდელად სწორედ ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ საჩხერეს ასახელებს. ანუ მართვის მოდელი, როცა მოქალაქეები არაფერს არ აკეთებენ და მხოლოდ ერთ კაცზე არიან დამოკიდებულები.
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ფიქრობს, რომ ასეთი საგანგაშო და დამღუპველი გზავნილი არცერთ მთავრობას, მათ შორის "ოცნების" ხელისუფლებასაც კი აქამდე ჯერ არ ჰქონია.
მწერალი ტორესა მოსი კი დარწმუნებულია რომ საქართველოს მოქალაქეები "ოცნების" მმართველობის ასეთ მოდელს არ შეეგუებიან. ის 1% კი რომელიც გაღატაკებულ ქვეყანას და მშიერ ხალხს, "ოცნების" ხელისუფლების პლუსად მიიჩნევს, ყველა დროში ყველა მთავრობას ეყოლება.