"ოცნება" "კოშმარად" იქცა ... ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან" | ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი

გამოქვეყნდა:

"ოცნება კოშმარად გადაიქცა... მაშფოთებს საქართველოში პრორუსული ძალები" - ასეთია ამერიკელი კანონმდებლების განცხადებები საქართველოში გამართული 26 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით. კრიტიკული გზავნილები ორპარტიულია და მოწმობს რომ იმედი, რომელიც ქართულ ოცნებას ტრამპის გამარჯვებასა და ხელისუფლებაში რესპუბლიკელების მოსვლასთან დაკავშირებით ჰქონდა, ილუზიაა.

"მე იმედგაცრუებული ვიყავი. “ოცნება” “კოშმარად” იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ, ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან", - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი, ჰელსინკის კომისიის წამყვანი წევრი. ის ერთ-ერთი იყო იმ ამერიკელ კანონმდებელთაგან, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას თბილისში იმყოფებოდა.

"მე მაშფოთებს კრემლის სახელმძღვანელოს გამოყენება საქართველოსა თუ აღმოსავლეთ ევროპის [სხვა] ქვეყნებში, არჩევნებში ჩარევა.. ეს ყველაფერი გრძელდება, რაც კონგრესში ვარ და ველი, რომ ასეც გააგრძელებენ", - ამბობს კიდევ ერთი დემოკრატი კონგრესმენი მაიკ ქუიგლი, ილინოისის შტატის წარმომადგენელი პალატაში.

"ეს და სხვა ბინძური ხერხები ის მეთოდებია, როგორ პოლიტიკასაც აწარმოებენ. ქრთამი იქნება ეს, გამოძალვა, კორუფციის კულტურა თუ სხვა რამ, რასაც აღმოსავლეთ ევროპაში იყენებენ", - ამბობს ქუიგლი.

დემოკრატი კონგრესმენი დებორა როსი კი მოლდოვის ბოლოდროინდელ არჩევნებზე და რეფერენდუმზე საუბრობს და ამბობს, რომ ისაა წარმატებული მაგალითი იმისა, როგორ გაუმკლავდა ქვეყანა არჩევნებში რუსეთის ჩარევას:

"მე ძალიან მაშფოთებს პრორუსული ძალები და პროპაგანდა. ვფიქრობ, რაც მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით ვნახეთ, ეს ყველაზე კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ დაუპირისპირდა მას ქვეყანა და რა შესანიშნავი სამუშაო გასწია მის წინააღმდეგ. ასე რომ ამერიკა უნდა დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ამას წინ აღუდგნენ", - ამბობს როსი.

რესპუბლიკელი კანონმდებელი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ "მეგობარი აქტი" საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს. სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლები კი ხაზს უსვამენ იმას, რომ სამართლიანი არჩევნების თემა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის, გამორჩეულად მნიშვნელოვანი საკითხია და შესაბამისად, ასე იქნება მისი ადმინისტრაციისთვისაც.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი