საღამოს პარლამენტთან დანიშნულ მთავარ აქციამდე, 17:00 საათზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები მსვლელობას აანონსებენ. ხელოვანები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლებენ, სადაც იმ სტუდენტებს შეუერთდებიან, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად უნივერსიტეტის შენობასა და ეზოში აქციას მართავენ და ღამეს ათენებენ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა ხელახალი, სამართლიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა.
"საზოგადოება არ უნდა ჩუმდებოდეს იმ უსამართლობაზე, რომელსაც მის თვალწინ ხედავს და უნდა იცავდეს როგორც საკუთარ თავს, ისე მის თანამოქალაქეებსაც. ამ ბრძოლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობა. თუკი ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი მთავარი მტრის რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ და ეს ბრძოლა იყოს შედეგიანი, უნდა გვესმოდეს, რომ ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და თუკი კიდევ უფრო დაქსაქსული და დაშლილები ვიქნებით ამ ბრძოლას არ ექნება შედეგი.
თითოეული მოქალაქის ვალია აიმაღლოს ხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა სადაც არ უნდა იყვნენ დასაქმებული, ამიტომ ერთიანობა და ბრძოლა სამართლიანობისთვის იქნება ჩვენი მთავარი მესიჯი, დღეს, კულტურის მარშზე," - განაცხადა "გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის" პრეზიდენტმა, გვანცა ჯობავამ.
ავტორი: დავით კობიძე