კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას მართავენ

გამოქვეყნდა:

კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ისინი მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მისვლას და სტუდენტების მხარდაჭერას გეგმავენ.

აქციას უერთდებიან მწერლები, პოეტები, რეჟისორები, მსახიობები და ყველა ის ადამიანი, რომელიც "ქართული ოცნების" ნაბიჯებს აპროტესტებს.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ახლა ახალგაზრდებისა და თითოეული ადამიანის პროტესტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი, რომ საზოგადოებამ მიზანს მიაღწიოს.

"უნივერსიტეტთან, ჯერ ერთი იმიტომ მივდივართ, რომ ამ მთავრობას მე მგონი განათლება აკლია იმიტომ, რომ არ იცის არც საქართველოს ისტორია, არც კულტურის ისტორია, არც ჩვენი ხალხის, საერთოდ ძალიან შორს არის ყველაფერი იმისგან, რასაც საქართველო, თავმოყვარეობა, ღირსება და სამშობლოს სიყვარული ჰქვია. ჩვენ დღეს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა დღევანდელმა მთავრობამ, რომ მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ დავეთანხმებით და ვერ შევეგუებით იმ საშინელებას, რასაც ჰქვია რუსეთის გუბერნიაში შესვლა, სადაც მათ მივყავართ, მიჰყავთ ეს ფანტასტიკური ქვეყანა. ეს არ არის ჩვენი არც მიზანი, არც ისტორიული მისია.

ახალგაზრდებს მე რა უნდა ვუთხრა, ახალგაზრდებმა უნდა მითხრან. მე მარტო მადლიერი ვარ, რომ ისინი ასეთი ენთუზიაზმით, ასე მხნედ და იმედიანად ცდილობენ, რომ უფრო ნათელი, კეთილი, თავისუფალი გზისკენ, ევროპისკენ წაიყვანონ ეს ქვეყანა და თავისი ცხოვრება, რაც მთავარია," - განაცხადა რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ. 

ავტორი: დავით კობიძე 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი