სრული იზოლაცია და ნახევრად ცარიელი დარბაზი | "ოცნებამ" დღეს ხალხის მიტაცებული არჩევანი უკანონოდ გაიფორმა

გამოქვეყნდა:

სრული იზოლაცია და ნახევრად ცარიელი დარბაზი, - ქართველი ხალხის არჩევანის მიმტაცებელმა რეჟიმმა არალეგიტიმური პარლამენტი შეკრიბა. თვითგამოცხადებულ ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც  დღეს საგანგებო მობილიზება იყო მხოლოდ  ოლიგარქიული კლანის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც საპარლამენტო თანამდებობები გადაინაწილეს და ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები წარადგინეს. 

საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა "ოცნებამ" დღევანდელი დღე პარლამენტში თანამდებობების გადანაწილებას დაუთმო. ზოგი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, ზოგიც ვიცე სპიკერად.

თვითგამოცხადებულ პარლამენტში დღეს დილიდან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. ყველაფერი იყო მზად იმისთვის, რომ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების ავტორი გუნდი საკანონმდებლო ორგანოში უპრობლემოდ შემოსულიყო.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ერთი კაცის სიმშვიდისთვის იყო შემოღებული - ბიძინა ივანიშვილი დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატის რანგში პირველად გამოჩნდა. 

შემდეგ იყო ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი, რომელიც გაყალბებულ შემაჯამებელ ოქმზე ხელმომწერმა გიორგი კალანდარიშვილმა ტოტალურად გაყალბებული და მიტაცებული არჩევნების ავტორებს დაადებინა. 

დღეს სხდომათა დარბაზში ყველას ყურადღება ივანიშვილისკენ იყო მიმართული. უფროსისადმი ერთგულებას და ყურადღებას ყველა თავისებურად გამოხატავდა. თუმცა უდავოდ გამოირჩეოდა დეპუტატი ლადო კახაძე, რომელმაც ამ შეჯიბრში ყველას აჯობა და ივანიშვილს ხელზე დემონსტრაციულად ეამბორა.  

ერთპარტიულ თვითაღიარებულ პარლამენტში სპორტული ფლანგიც მოძლიერებულია. კარგად ნაცნობ სპორტსმენებთან ერთად, "ოცნების" რიგებში ახალწვეულებიც არიან. ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი დეპუტატის ფუნქცია-მოვალეობებს სხდომათა დარბაზში სწავლობენ.

გამყალბებლებს პარლამენტის ლეგიტიმაციის იმიტაცია საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა არ შეუქმნეს. ელჩებისთვის გამოყოფილი ადგილი დღეს ცარიელი იყო. დარბაზში არ იმყოფებოდა არც პრეზიდენტი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და არ აღიარებს. უცნობი მიზეზით დღევანდელ სხდომას არც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და არც საპატრიარქოს მაღალი იერარქები ესწრებოდნენ.

თვითგამოცხადებული პარლამენტის პირველი სხდომა სამ საათს გაგრძელდა. შენობა პირველი ბიძინა ივანიშვილმა დატოვა. ის დღეს სხდომათა დარბაზში დეპუტატის რანგში პირველად და უკანასკნელად იყო. ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი მანდატებს ტოვებენ და პარლამენტიდან გადიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი