პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვადა 16 დეკემბერს ეწურება. თვითგამოცხადებული პარლამენტი კი ახალი მთავარსარდლის არჩევას ჩქარობს. დღეს პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგში მხოლოდ ერთადერთი საკითხი განიხილეს - 14 დეკემბერს "ოცნება" პრეზიდენტს აირჩევს, 29 დეკემბერს კი დანიშნული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ვის ანდობს ივანიშვილი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას - "ოცნება" კანდიდატის ვინაობას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ამ დროისთვის 2 ვერსია განიხილება - ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია. ოლიგარქის პარტიაში ამ ინფორმაციას ზოგი უარყოფს, ზოგიც კი მიესალმება.
კიდევ ერთ მეამბოხე პრეზიდენტს "ქართული ოცნება" ვეღარ აიტანს, ამიტომ ახლა ოლიგარქი უფრო მეტად ფრთხილობს და კანდიდატის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი პარტიისადმი სრული ერთგულება იქნება. თვითაღიარებული პარლამენტი მორჩილი მეთაურის დასანიშნავად 14 დეკემბერს დილის 9 საათზე პარლამენტის შენობაში შეიკრიბება. ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას ოპოზიცია არ აპირებს, რადგან არალეგიტიმური პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება, მათი შეფასებით, უკანონოა.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის დანიშვნის პროცესში მონაწილეობას არ აპირებს არც ყოფილი პრემიერის გუნდი. გიორგი გახარიამ დღეს ბრიფინგზე ელჩებს მიმართა და მოუწოდა ე.წ ინაუგურაციაზე დასწრებით არ შეუქმნან ძალაუფლების ლეგიტიმაციის იმიტაცია ოლიგარქს.
კანონის მიხედვით, პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად, 300 ხმოსნით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კანდიდატის დამტკიცებას ხმათა 2/3, ანუ 200 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის კოლეგიაში "ოცნების" კვოტა 156 წევრით შემოიფარგლება, რაც ასარჩევად საკმარისი არაა.