"ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა" - ასე მთავრდება ვაჟა-ფშაველას "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", 1905 წელს დაწერილი პუბლიცისტური წერილი, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური ცნებების ვაჟასეულ გაგებას მიმოიხილავს, მაგრამ ამას აბიტურიენტები უკვე აღარ გაარჩევენ. "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" 2025 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის მისაღები გამოცდების პროგრამაში ვერ მოხვდა.
პროგრამიდან ამოღებულია ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერი, ყვარყვარე თუთაბერი, ლექსები მამათა და შვილთა დაპირისპირებიდან, ნაწარმოებები, რომლებიც ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ეძღვნება და გარუსებას ეწინააღმდეგება. ბავშვებისთვის სავალდებულო აღარ არის აღარც ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩა, სადაც სიუჟეტი რუსების წინააღმდეგ მოხევეების ბრძოლის პარალელურად ვითარდება.
ცვლილებები შევიდა ისტორიის პროგრამაშიც, აქედან სრულიად გამქრალია საკითხები, რომლებიც გასული წლის პროგრამაში გამოტანილი იყო სათაურით „აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში“. ძირითადი საკითხების სიიდან გაქრა 1802-1820 წლის აჯანყებები, ეპიზოდები სადაც ჩანს როგორ ებრძოდნენ ქართველები რუსულ ცარისტულ რეჟიმს.
საგამოცდო პროგრამის ამ საკითხების ამოღების ხარჯზე შემცირებამ საზოგადოების საფუძვლიანი აღშფოთება გამოიწვია, განათლების სამინისტრო იძულებული გახდა რომ განცხადება გაევრცელებინა, გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში ისტორიული მონაკვეთების ამოღების შესახებ საერთოდ არაფერი წერია, ლიტერატურულ ნაწარმოებებზე კი სამინისტრო ამბობს, რომ ისინი სკოლაში მაინც ისწავლება და საგამოცდო პროგრამების სავალდებულო ნაწარმოებებამდე დაყვანა აუცილებელია.
ისინი, ვინც განათლების სისტემაში მიმდებარე პროცესებს ბოლო წლებში აქტიურად აკვირდებიან, ამბობენ, რომ ეს ზუსტად ჯდება სახელმწიფოს ახლანდელ პრიორიტეტებში, ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარუსებას ცდილობს თავისუფალ თაობას არ და ვერ აღზრდის.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი