"ოცნების" უდიპლომო პრეზიდენტი | ოლიგარქმა საზოგადოებას ისევ დასცინა

გამოქვეყნდა:

უდიპლომო ფეხბურთელი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი ხდება. ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთავარსარდალი უმაღლესი განათლების არ მქონე, მაგინებელი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.

პარლამენტის ვებგვერდზე მიხეილ ყაველაშვილის განათლების გრაფა ცარიელია. რა ცოდნას ფლობს მაგინებელი დეპუტატი - ამ ინფორმაციით  8 წლის განმავლობაში საზოგადოება არაერთხელ დაინტერესდა, თუმცა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში  მისი საშუალო და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები საერთოდ არ იძებნება.

განსწავლულობით არა, თუმცა მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი თავი გინებითა და მუშტი-კრივით ნამდვილად დაგვამახსოვრა. მე-9 და მე-10 მოწვევის დეპუტატი ყაველაშვილი რუსული კანონის თანაინიციატორი და ანტიდასავლური პროპაგანდის ავტორია. არქივი მრავლად ინახავს ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში მისი შეურაცხმყოფელი შეძახილებისა და ღიად რუსული განცხადებების ვიდეომასალას.

ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესახებ ინფორმაციამ საზოგადოებაში ტრაგიკომიკური რეაქცია გამოიწვია. მათ შორისაა მსახიობი კახა გოგიძე. სერიალ ჩემი ცოლის დაქალებიდან  მისი პერსონაჟი  - ფიქციური პრეზიდენტი სულიკო დარდიანიძე დღევანდელმა რეალობამ  ბევრს გაახსენა.

უპირობო მორჩილება და ოლიგარქის ერთგულება არის ის მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილმა ამ უმაღლეს თანამდებობაზე წარადგინა. ასე ფიქრობს ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია. მთავარი დაკვეთა მოსკოვიდან მოდის - შემსრულებელი კი ივანიშვილია, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ბოლო სახელმწიფო ინსტიტუტსაც აუქმებს.

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენისთვის უდიპლომობას ხელი არ შეუშლია, თუმცა უმაღლესი განათლების არქონის გამო ყაველაშვილი 9 წლის წინ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე დაბლოკეს. მას ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. 

დიდად წარმატებული არც საფეხბურთო კარიერა ჰქონია. ყაველაშვილს ნაკრებში 46 თამაში და 9 გოლი აქვს გატანილი. მის სანაკრებო კარიერაში ერთადერთი პრინციპული შეხვედრა იყო, რომელსაც საქართველო პოლონეთთან სამით ნოლს იგებდა, ერთი ბურთის გატანის შემთხვევაში კი უკეთეს პოზიციაზე გადაინაცვლებდა. ამ შეხვედრაში თავდამსხმელი ყაველაშვილი მოედნიდან გააძევეს. მისი კარიერული ზენიტი კი რუსეთს უკავშირდება.

მომავალ პრეზიდენტს თვითაღიარებულ პარლამენტში 14 დეკემბერს აირჩევენ. 29 დეკემბერს კი არალეგიტიმური ქართული ოცნების მიერ დანიშნული სახელმწიფოს ე.წ მეთაურის ინაუგურაცია გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი