ევროპარლამენტი ოცნების მიერ გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს და რეზოლუციის მისაღებად ემზადება, რომლის შინაარსიც უპრეცედენტოდ მძიმეა. დასავლელი პოლიტიკოსები დოკუმენტის საბოლოო ტექსტზე პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ. ნიკა გვარამიამ და თინა ბოკუჩავამ სტრატეგიულ პარტნიორებს ქართული ოცნების მიერ არჩევნების ტოტალური გაყალბებისა და არჩევნების შემდგომი რეპრესიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ირაკლი კობახიძის, კახის კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შალვა პაპუაშვილის დასანქცირებას ითხოვს. მათი დასანქცირების მოთხოვნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირველად მოხვდა.
ევროკომისიას ევროდეპუტატები უვიზო მიმოსვლის გადახედვისა და ოლიგარქიულ რეჟიმთან კონტრაქტების გაწყვეტის რეკომენდაციითაც მიმართავენ.
ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამიტომ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას დღეს არსებული პოზიცია შეინარჩუნოს და გაყალბებული არჩევნების შედეგები არ აღიაროს, რასაც უნდა დაემატოს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს მიერ დროული ნაბიჯების გადადგმა- ტექნიკური მისიის საქართველოში უმოკლეს ვადებში გაგზავნა და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გამოძიება.
ევროპარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ ერთობლივ რეზოლუციას კენჭი ხვალ უნდა უყაროს. დოკუმენტი თავისი რეკომენდაციებით ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას გადაეგზავნება.