ახალი არჩევნები, ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის, ღარიბაშვილის, პაპუაშვილისა და მოსამართლეების სანქცირება | ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 444  ხმით მიიღო. წინააღმდეგი კი 72 იყო.

რეზოლუციაში მოთხოვნილია საქართველოში ხელახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ასევე ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საუბარია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე და აღნიშნულია, რომ თბილისში დროულად უნდა გაიგზავნოს ტექნიკური მისია.  

"მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რაც ასევე გავრცელდება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამომტან მოსამართლეებზე; კვლავ მოვუწოდებთ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პირადი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილზე და მთელი მისი აქტივების გაყინვისკენ ევროკავშირის ფარგლებში, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი; არჩევნების აღიარებაზე უარის თქმასთან ერთად, მოვუწოდებთ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ - გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი 1 წლის განმავლობაში. 

ხაზს ვუსვამთ, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის და მოვუწოდებთ ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო სტატუსს, მისი შესაძლო შეჩერებით, თუ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ შეუსრულებლად ჩაითვლება;

მოვუწოდებთ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან;

მოვუწოდებთ საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ახალ HRVP-ს, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა; მოვუწოდებთ კომისიას გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის  მხარდაჭერისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად ექცევიან მმართველი პარტიის ზეწოლის ქვეშ; მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებას ამის შესახებ", - წერია დოკუმენტში რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას გადაეგზავნება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი