"საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს" | თვითგამოცხადებული ხელისუფლება პეტერ ფიშერს უპირისპირდება

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება და თვითგამოცხადებული მთავრობის პრემიერი გერმანიის ელჩზე თავდასხმას აგრძელებენ. დღეს ირაკლი ზარქუამ ელჩის გაწვევა მოითხოვა და თქვა, რომ დიპლომატი "მავნებლობს", ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ეს გაწვევა  დიპლომატისთვის "დიდი პატივი" იქნებოდა და ამტკიცებს, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას დღეს საქართველოში  ელჩი საერთოდ არ ჰყავს. 

„გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად, საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოლიგარქის თანაპარტიელების ანტიდასავლური განცხადებები გერმანიის ელჩის იმ კომენტარს მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი და რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ამ გზაზე წინსვლა ქვეყანას ვერ ექნება. 

გერმანია უკვე 30 წელზე მეტია, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი და პარტნიორია. ახლა ჩიხში ვართ. ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: „ჩვენ გვინდა, ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ“. სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები [რეალობა] ამ კურსს ეწინააღმდეგება, რადგან თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობა. ძალიან მარტივია. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ხდება ახალი წევრის ქვეყნის კანონმდებლობაც. როდესაც ეს მოხდება, თქვენ წევრი ხართ. სანამ ეს არ მოხდება, არ შეგიძლიათ იყოთ წევრი, რადგან ევროკავშირის არსი ესაა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ერთსა და იმავე კანონმდებლობას იზიარებს." ამბობს პეტერ ფიშერი BM.ge-სთან ინტერვიუში

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი