საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
პრეზიდენტთან აუდიენციაზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფებოდა.
„პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ყველა ის რეზოლუცია, რასაც იღებენ და არჩევნების არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი მინდოდა ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე, აზრების გაცვლა, კონსულტაცია იყო. არაფერი განსაკუთრებული არ დაგვიგეგმავს. ყველა მიმართულებით ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ეს არის არაღიარება, ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია, რაც ახლა ხდება. არცერთი პოლიტიკური პარტია ამ პარლამენტს არ აღიარებს.
პრეზიდენტის როლზე და თვითონ რას აპირებს, ამაზე არ გვისაუბრია. ფაქტია, დღეს ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი და ამ ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის ლიდერი. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს ახლაც და ზოგადად, მთელი ამ კრიზისის განმავლობაში ისტორიული როლი და მისია აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების გამთლიანებაში, ასევე ქვეყნის გარეთაც", - განაცხადა ხოშტარიამ.
მანამდე სალომე ზურაბიშვილს "ძლიერი საქართველოს" ოთხივე ლიდერი შეხვდა. მათი განცხადებით, შეხვედრაზე პრეზიდენტთან შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
"ჩვენ გვჭირდება ერთობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვჭირდება ერთობა ოპოზიციურ მხარეს და ასევე ჩვენ გვჭირდება იმ მანდატების დაცვა, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს მისცეს ჩვენმა მოქალაქეებმა. მაგრამ როგორც ხედავთ, ქართული ოცნება აგრძელებს თავის სპეცოპერაციას, ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით, უამრავი გეგმა გვაქვს, როგორ გავაკეთოთ ეს," - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
შესაძლოა პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში დღეს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც მიიღოს.