როდის შეუწყვეტენ ოპოზიციას სადეპუტატო მანდატებს - ამის შესახებ "ქართულ ოცნებაში" ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ და აცხადებენ, რომ განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად მოხდება.
დღეს პარლამენტში მანდატების გაუქმების მოთხოვნით განცხადებები ინდივიდუალურად შეიტანა ძლიერი საქართველოს 14-მა წევრმა. თუმცა, კოალიციის წარმომადგენლების განცხადებაში შალვა პაპუაშვილი ფორმალურ თავმჯდომარედ არის მოხსენიებული, რაც სავარაუდოდ გახდება საფუძველი იმისა, რომ ამ განაცხადს პარლამენტის თავმჯდომარე არ დააკმაყოფილებს და სადეპუტატო მანდატებს არ გააუქმებს. განცხადებების ამგვარი სახით დარეგისტრირებაზე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ პარლამენტის კანცელარიაში, თუმცა საბოლოოდ დოკუმენტაცია ჩაიბარეს. ძლიერი საქართველოს წევრების განმარტებით, განცხადების ეს ფორმა შერჩეული იქნა იმის გამოსახატავად რომ ქვეყანას ე.წ პარლამენტი ჰყავს, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ.
შალვა პაპუაშვილის სახელზე გუშინვე შეიტანა პარლამენტში განცხადება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, "კოალიცია ცვლილებისთვის" იმ 19-მა წევრმა, რომელიც პარლამენტში მოხვდა. მანდატების გაუქმების მოთხოვნა მათი მხრიდან ისეთი ფორმით მოხდა, რომ პაპუაშვილს მასზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდეს.
მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიმართვას უახლოეს პერიოდში აპირებენ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. მათ სიის ჩახსნაზე ცესკოში განცხადება უკვე შეტანილი აქვთ. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მას ამ ეტაპზე არც ცესკოში ჩაუხსნია სია და არც ინდივიდუალური მანდატების გაუქმების განცხადებით მიუმართავს პარლამენტისთვის. გახარია ამბობს, პარლამენტს მათი მხრიდან არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება, თუმცა რა ნაბიჯებს გადადგამენ მანდატებსა და სიებთან დაკავშირებით, უცნობია.