კიდევ კარგი ამ დღეს ელჩის სტატუსით არ მოვესწარი... ჩაეხსნა ქართული ვაგონი ევროპულ მატარებელს | ჯავახიშვილი

გამოქვეყნდა:

თუ ვინმესთვის კიდევ არის კითხვის ნიშნები დარჩენილი თუ საით მივდივართ, დიაგნოზი: რეალობის ჯიუტად უარყოფაა. 

მეტი რაღა უნდა მოხდეს, ან რა ითქვას, ან რა გაკეთდეს, რომ დაიჯეროთ? გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი ხედვითა და ალალად გაცხადებული ანტიდასავლური რიტორიკით დღევანდელი ბრიფინგის ანონსი იყო ჩემთვის. კონსტიტუციით განმტკიცებული ევროპული ოცნება გვემსხვრეევა.
სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. პირიქით, პრემიერს ვუსმენდი და უნებლიედ წამომცდა: ეგრე, რა... დასაფასებელია გულწრფელობა. წერტილი დაესვა ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს-ს. აქამდეც უნდა გეთქვათ ასე, გულწრფელად ეს სიმართლე. რახანია ცხადია, რომ ეს პოზიცია გახდა ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება. ბევრი მეგობარი მეუბნებოდა, არა, რას ამბობ, ევროპა როგორ არ უნდათ, უბრალოდ, ზედმეტად ერევა ევროპა ჩვენს შიდა საქმეებშიო. სულ მეშინოდა, რომ მსგავს განცხადებას ოფიციალური პირებისგან მოვისმენდი ერთ დღეს, რომელიც სულაც არ იქნებოდა ჩემთვის მშვენიერი დღე. და ეს დღეც დადგა. ყოველგვარი მიკიბვ- მოკიბვის გარეშე, გარკვევით გვითხრეს არ გვაინტერესებს ხალხის უმრავლესობას რა უნდა. დღეს ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია გასაკეთებლადო. კიდევ კარგი ამ დღეს საფრანგეთში საქართველოს ელჩის სტატუსით არ მოვესწარი. 

განცხადების რეზიუმე: - პაემანი 2028 ში და ერთი გნახავთ როგორი ევროკავშირი დაგვხვდებითო. მანამდე კი ჩვენი სუსი კარგად იყოს და თქვენი სუსი არ გავიგოთო. თქვენი თაფლიანი კოვზიც არ გვინდაო. - ვერ დააბრალებ ევროპის ფული უნდათ და კრიტიკის მოსმენა არ უნდათო. ჩაეხსნა ქართული ვაგონი ევროპულ მატარებელს. გული მტკივა, რომ საქმე აქამდე მივიდა. რეალისტები ვართ და ვაცნობიერებთ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ხვალინდელი პერსპექტივა არ იყო. თუმცა ამ მთავარი სტრატეგიული მიზნით სვლა და გაწევრიანებისთვის მზადება გვზრდიდა ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიაში, მუდმივად ამ მზაობაში გვამყოფებდა და რუსული ალტერნატივის მიმართ ავგაროზივით გვიცავდა.

რუსეთს გულგასახარად, მისი ჰიბრიდული სტრატეგიის წარმატებად ესეც ეყოფა. საქართველო „აპაუზებს“ ევროინტეგრაციას. წარმომიდგენია უკვე მერამდენეჯერ, როგორ გავახარეთ მტრის გული. 
მერე რა იქნება ვინ იცის. ამ ხელისუფლებისა და შემდეგი პრეზიდენტის მანდატის ამოწურვის შემდეგ არსებითად სულ სხვა საქართველო გვექნება. სხვა დემოგრაფიით. ელიტების ცვლილება, იდეოლოგიური პრიორიტეტები სულ სხვა განწყობებს შექმნის შინ თუ გარეთ. 

ამ პოლიტიკას ბევრი საქართველოსთვის ძალიან ღირებული, ინტელექტუალური რესურსის მქონე ადამიანი გაერიდება, მათ ამ პოლიტიკით მოხიბლული ახლო მეზობლები ჩაანაცვლებენ. ამასობაში, გლობალური გეოპოლიტიკური ქაოსიც იქნებ დალაგდეს, ბურუსი გადაივლის, გრიგალი ჩადგება, ამინდიც შეიცვლება და საქართველო რომელ ნაპირზე აღმოჩნდება ვნახოთ. იქნება კი კვლავ აქტუალური საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება? 
ნიცშეს რომ არ ეთანხმებოდა ეს ადამიანი და ბევრს ამაზე ეცინებოდა. 

არ მოგვწონს? ვბრაზდებით? განა მან არ იცის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნება მისი სტრატეგია? მაგრამ რუსთაველი მკვდარია... არც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი „ეთანხმება ნიცშეს“ და ევროკავშირს უამრავი სხვა შიდა და გარე პრობლემა ასუსტებს. ამიტომ მისი რეალპოლიტიკა დღეს ასეთია. ამავე პოლიტიკას თუ დასჭირდა, ყველა ტექსტს გადავსინჯავთ მშობლიურ ისტორიასა და ლიტერატურაში, რომელიც რუსეთს გაგვინაწყენებს და გვეტყვის, აბა როგორ ვიმეგობროთ, ჩემს წინააღმდეგ განაწყობთ თაობებსო. ევროპა „დემოკრატიით“ გავაოცეთ და პუტინი სიმამაცით თურმე. 

ჩვენც რომ არ დაგვემართოს რეალობის უარყოფა: ჭადრაკის ამ მოცემულობით, იმ დიდოსტატებით ვინც თამაშობს, ვფიქრობ ევროპული პარტია ამჯერად დასრულებულია. ყაიმით თუ მატით? ამას დრო გვიჩვენებს. აღარც კონსტიტუცია ფასობს, აღარც მოსახლეობის უმრავლესობის ნება. 
ჩემს სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას დააბრალეთ ეს პესიმიზმი და თქვენ გამამხნევეთ რაიმე ოპტიმისტურით ვისაც და თუ შეგიძლიათ.

წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი "ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის გახსნა 2028 წლამდე შეაჩერა. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი