პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული დედაქალაქებისგან ძლიერ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დილის 6:30 საათზე X-ზე დაწერა და სპეცრაზმის მიერ პროევროპული საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას გამოეხმაურა.
"დილის 6:30 თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპული დედაქალაქებისგან."- აცხადებ სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა.
დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევა დაიწყეს. სპეცრაზმი მომიტინგეთა წინააღმდეგ იყენებდა წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.
აქციის გაშუქების დროს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს, ასევე "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებს ელენე ხოშტარიასა და ნანა მალაშხიასაც.