დაკავებულ მომიტინგეებს ნიღბიანების კორდონში ატარებდნენ, სადაც თითოეულს ათეულობით "სამართალდამცავი" ფიზიკურად უსწორდებოდა | ადვოკატების განცხადებით, დაზიანებები ყველა დაკავებულს აღენიშნება

გამოქვეყნდა:

28-29 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალები მთელი ღამის განმავლობაში აკავებდნენ. მათ შორის მიმდებარე ქუჩებზე, აფთიაქებსა თუ ეკლესიის ეზოში. აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები და პოლიციის სხვა დანაყოფები დაკავებამდე სასტიკად უსწორდებოდნენ. მედიამ არაერთი მსგავსი ფაქტი დააფიქსირა.

დაკავებულები დიღმის მთავარ სამმართველოში არსებულ იზოლატორში არიან მოთავსებული. მათი ნაწილი უკვე მოინახულეს მათი ინტერესების დამცველებმა. ადვოკატების განცხადებით, ყველა მათგანი სასტიკად არის ნაცემი და დაზიანებები აღენიშნებათ, როგორც სახის, ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.

დაკავებულები ადვოკატებთან აცხადებენ, რომ ფიზიკურ ძალადობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა, როგორც დაკავებისას, ასევე პოლიციის მანქანით გადაყვანის დროს.

როგორც ერთ-ერთი ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია, მას თავზე ღრმა ჭრილობა აღენიშნება და სავარაუდოდ მისი კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა გახდება საჭირო.

დაკავებულების მონაყოლიდან ცნობილი ხდება, რომ დაკავებულ მომიტინგეებს შსს-ს თანამშრომლები ატარებდნენ ნიღბიანების კორდონში, სადაც თითოეულ დაკავებულს ათეულობით "სამართალდამცავი" ფიზიკურად უსწორდებოდა.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს. ადვოკატების განცხადებით, დაკავების ოქმები და დოკუმენტაცია ისეთ პოლიციელებზე ფორმდებოდა, ვინც დაკავებულ ადამიანებთან შემხებლობაში არ იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი