ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე:
„მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ ვიშურებდით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისთვის.
ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად.
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან, ჩვენს მოკავშირეებთან, ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას.
ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან გაწევრიანებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.