რესპუბლიკის მოედანზე მედიის წარმომადგენლებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად აქცია იმართება. ჟურნალისტები 28-29 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს საპოლიციო ძალების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას აპროტესტებენ. გასულ ღამეს მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე იმ დონეზე, რომ ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
რესპუბლიკის მოედანზე უკვე იმყოფებიან სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები. ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის გიორგი თარგამაძის თქმით, განვითარებულ მოვლენებზე და მედიის მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
"უზურპატორების ხელში, მიტაცებული სახელმწიფო იქცა ზონდერ-სახელმწიფოდ. ამ ზონდერ-სახელმწიფოდან მომავალ საფრთხეს ვერ ასცდება ვერავინ, მათ შორის ყველაზე თავისუფალი პროფესიის ადამიანები. ჩვენ უნდა გავძლოთ, რომ სხვებთან აღარ გაუვიდეთ," - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
აქციაზე მყოფი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ მედიის მიმართ ძალადობა მიზანმიმართული იყო და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, 5 ივლისისგან განსხვავებით კი ახლა ჟურნალისტებზე მთავარი მოძალადე სპეცრაზმი იყო.
ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები მოგვიანებით პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.