"ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას NCDC-ის 100-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 100-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნის შეჩერების შესახებ ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნება.

"სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა განცხადება:

ჩვენ, როგორც ცენტრის წარმომადგენლები, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას  და  ერთგულებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. 

თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ იშურებს შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.

წლების განმავლობაში სწორედ დასავლური, ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა ცენტრი, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, საფუძველი ჩაეყარა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შექმნას, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულების განვითარებას, რაც განსაკუთრებით ეფექტური იყო COVID-19 პანდემიისას, უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვას და მრავალი სხვა.

2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.

მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების და დასავლური ღირებულებების ერთგული!", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი