არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტების და კურსდამთავრებულების ნაწილი გმობს. ამასთან დაკავშირებით მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 300-მდე ხელმომწერი ჰყავს.
"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვეხმაურებით ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ევროკავშირში და ზოგადად დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაცია ემსახურება არა მხოლოდ მის ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და მის სრულფასოვან დემოკრატიად ჩამოყალიბებას.
ამავდროულად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი დავის ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება „ქართული ოცნების“, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომელიც აფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესს. - ნათქვამია განცხადებაში.