"იყავით სამართალდამცველები და არა სამართალდამრღვევები" - ამ მოთხოვნით შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლები, პედაგოგები აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.
აქციის მონაწილეები პროტესტის გაშუქების დროს დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს და სხვა აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ არ შეეგუებიან ოლიგარქიულ რეჟიმს.
"ამ შენობაშიც მუშაობენ სამართალდამცველები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არიან სამართალდამრღვევები და არ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენივე კოლეგებს არ ურტყამდნენ ეს გადაცმული პოლიციელები. აქედან გამომდინარე ვითხოვთ გამოძიებას და მივმართავთ ქვეყნის პრემიერად წოდებულ კობახიძეს, რომ მხოლოდ "ვწუხვარ" არ შეიძლება გურამ როგავას უთხრა. მხოლოდ "ვწუხვარ" არ გვინდა. ჩვენ რეალურად ვითხოვთ გამოძიებას, ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ასევე გადაურჩნენ ჩვენი კოლეგები.
ჩვენ კოლეგებს მივმართავ, რომლებიც სახელისუფლებო პროპაგანდას წარმოადგენენ, არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად "რუსთავი2" ოთხმა ჟურნალისტმა დატოვა, ყველამ უნდა დატოვოთ. თქვენც აძლიერებთ, სპეცრაზმზე ძლიერად აძლიერებთ ამ ხელისუფლებას, რომ რუსეთში შეგვათრიოს და აქედან გამომდინარე, პროპაგანდას ნუ მოემსახურებით, რადგან თქვენი სიტყვით აძლიერებთ, მათ უწყობთ ხელს, რომ გაავრცელონ თქვენი მეშვეობით ის პროპაგანდა, რომელიც ანტიევროპული, ანტისუვერენული, ანტისახელმწიფოებრივი და პრორუსულია," - განაცხადა "ფორმულას" ჟურნალისტმა, ლადო ბიჭაშვილმა.
გორში, საკრებულოს შენობასთან, 17:00 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაანონსებული. ასევე, აქციის მონაწილეების თქმით ისინი საღამოს დედაქალაქში მთავარ აქციას შეუერთდებიან.