ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება. მთავარი მიზეზი არის იმ სტრატეგიაზე მსჯელობა, როგორც უნდა გაგრძელდეს არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. შეხვედრის მონაწილეები პროტესტის გაგრძელების სტრატეგიას განიხილავენ და საორგანიზაციო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ. შეხვედრის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილისგან მოისმენენ წინადადებებს სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
"პრეზიდენტი არის მთავარი, ძირითადი, ერთადერთი, ლეგიტიმური ინსტიტუცია, რომელიც ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლად. პრეზიდენტს ლეგიტიმაცია აქვს ჩვენგანაც და საზღვარგარეთიდანაც. პრეზიდენტის გარშემო რომ კონსოლიდირდეს საზოგადოება, მორალური და ზნეობრივი მოთხოვნით, რომ ერთად გვინდა წესრიგიანი სახელმწიფო. ამასთან შერიგება არ შეიძლება, ეს ჩვენ ძალიან დაგვასუსტებს და საშინლად დავიჩაგრებით. ცინიკური ბოროტი ძალა დაგვჩაგრავს. მაგრამ ჩვენს მხარეს არის ერთობა, უმრავლესობა და სიმართლე და ამ სამი რაღაცის წინააღმდეგ ცინიკურ ბოროტ ძალას არანაირი რესურსი არ აქვს." - აცხადებს რეჟისორი პაატა ციკოლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია იყოს საზოგადოების ფართო კონსოლიდაცია და მოინახოს გზა იმ კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შექმნა.