ე.წ. მთავრობა ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რაც თავისუფალ, თანასწორ და მართალ საზოგადოებას ეკადრება | სმპკ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერს, რომ არალეგიტიმური მთავრობა ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რაც თავისუფალ, თანასწორ და მართალ საზოგადოებას ეკადრება და რომლისკენაც მიილტვის ქართული საზოგადოება.

ასევე განცხადებაში, სმპკ პროტესტში მონაწილე ყველა მოქალაქეს სოლიდარობას უცხადებს. 

"გვინდა გამოვეხმაუროთ ბ-ი ირაკლი კობახიძის გამოსვლას, რომელშიც მან ფაქტობრივად იანუკოვიჩის სიტყვები გაიმეორა და, ასე ვთქვათ, რუსულ წისქვილს დაასხა წყალი. 

ჩვენ აღარ გავიმეორებთ და არ შეგახსენებთ კონსტიტუციის მუხლებს, არც იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ პარლამენტში სხდომის კრების ჩატარება უკანონობაა მაშინ, როდესაც პრეზიდენტს და ოპოზიციურ პარტიებს სარჩელი აქვთ შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ჩვენს ტკივილს გაგიზიარებთ:

სმპკ ახალგაზრდა ორგანიზაციაა, 11 დეკემბერს ხდება ერთი წლის, მაგრამ ამ მოკლე დროში საკმაოდ ბევრი მოვასწარით: გავაკეთეთ არაერთი სოლიდარობის კონცერტი, დავსვით მუსიკალური აქცენტები რეგიონებში და დედაქალაქში, არაერთ პრობლემაზე გავამახვილებინეთ საზოგადოებას ყურადღება და, რაც ძალიან გვახარებს, გავხდით მსოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის წევრები.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გაითვალისწინონ  პროფკავშირები და ამიტომ, როგორც ერთადერთ ამ სახის ორგანიზაციას გვქონდა იმედი, რომ მსოფლიო ფედერაციის დახმარებით მივხედავდით საქართველოში მუსიკალურ კანონმდებლობას, ვიზრუნებდით მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების შრომით უფლებებზე და მინიმალურ ანაზღაურებაზე, თუმცა ის, რასაც დღეს აკეთებს საქართველოს ე.წ. მთავრობა ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რაც თავისუფალ, თანასწორ და მართალ საზოგადოებას ეკადრება და რომლისკენაც მიილტვის ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი!

ხშირად "ხელისუფლებს" ავიწყდებათ, რომ ქვეყნის პატრონი ხალხია და ხალხი წყვეტს რა კურსით უნდა იაროს ყოველი ჩვენთაგანის საერთო სახლმა, სადაც ჩვენ ერთმანეთის ოჯახის წევრები ვართ! 

მუსიკალური სფერო არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი!

არჩევანის გაკეთება არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი! 

სმპკ სოლიდარობას უცხადებს პროტესტში მონაწილე ყველა მოქალაქეს, დღეს მუსიკა თქვენთვის ჟღერს!" - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი