აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება ღრმა შეშფოთებას იწვევს და სერიოზულად არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას | ეუთო/ოდირი

გამოქვეყნდა:

"საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება ღრმა შეშფოთებას იწვევს და სერიოზულად არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას" - ამის შესახებ განცხადებას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) ავრცელებს და 28-30 ნოემბრის აქციების დროს, აქტივისტების წინააღმდეგ, პოლიციის მიერ წიწაკის სპრეისა და ხელკეტების გამოყენებას ეხმიანება. 

ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისად, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებების პროპორციული.

"ძალის არაპროპორციულმა და განურჩეველმა გამოყენებამ გავლენა მოახდინა მომიტინგეების და ჟურნალისტების დიდ რაოდენობაზე საპროტესტო აქციების დროს, სადაც მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო. მშვიდობიანი შეკრების უფლება არის თავისუფლება, რომელიც დევს ყველა დემოკრატიული საზოგადოების გულში და ეუთოს ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ "ყველას ჰქონდეს მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება". ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით და სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისად, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებების პროპორციული. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების აგრესიულ ქმედებებს უნდა უპასუხონ არაპროპორციული და განურჩეველი ძალის გამოყენების გარეშე.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა მრავალ დოკუმენტში. ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება დაიცვას ეს უფლება და უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, როგორც კანონით, ასევე პრაქტიკით. ODIHR მოუწოდებს ეუთოს რეგიონის ქვეყნებს, დაიცვან ვალდებულებები, რომლებიც მათ აღებული აქვთ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და ყველა სხვა ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემის თაობაზე," - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი