
ამერიკის საელჩო საქართველოში და ელჩი, კელი დეგნანი სოხუმის დაცემიდან 27-ე წლისთავს ეხმაურებიან და ტრაგედიის დღეს იხსენებენ.
27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიის შედეგად ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა და ასობით ათასი აიძულეს, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება, - წერს საელჩო.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საქართველოში გმირთა მოედანი გვირგვინებით შეამკეს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის წინ ამ დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო მას სხვადასხვა ცნობების მიხედვით, 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.