"მთავარ არხს" კონფიდენციალურობის დაცვის პირობით მოგვაწოდეს ინფორმაცია ვინ რამდენად სცემს მშვიდობიან მოქალაქეებს. წყაროს ცნობით, მოძალადეების დღიური ანაზღაურება 500 ლარია, მათი დამქირავებელი კი - კობა ჭუმბურიძეა. ჭუმბურიძე ლილოს ბაზრობის დაცვის სამსახურის თანამშრომელია და საღამოობით თანამოქალაქეების საცემად თავისი თანამშრომლებიც დაჰყავს.
კობა ჭუმბურიძეს 2 ძმა ჰყავს - ორივე მოძალადე. დიმა ჭუმბურიძე იყო ერთ-ერთი დაქირავებული, რომელმაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, გმირთა მოედანთან შეკრებილი მოქალაქეები გონების დაკარგვამდე სცემა. დიმა ჭუმბურიძე გიორგი შინჯიკაშვილის ახლო გარემოცვის წევრია, ფიგურირებდა შინჯიკაშვილისა და ხარებას ხელჩართულ კონფლიქტშიც, ამის გამო ყოფილ სპორტსმენს და მოქმედ მოძალადეს გარკვეული ხნით გიორგი შინჯიკაშვილთან ერთად ქვეყნის დატოვებაც მოუხდა.
მესამე ძმა - კახაბერ ჭუმბურიძე კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსია. შინჯიკაშვილისა და ხარებას დაპირისპირების შემდეგ უწყებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ კახა ჭუმბურიძეს სამსახურიდან წასვლა სურდა, მაგრამ ხარება ამის უფლებას არ აძლევდა და ძმის ლიკვიდაციით ემუქრებოდა. როგორც ჩანს შინჯიკაშვილისა და ხარებას მოძალადეები, რომლებიც ფიზიკურად ერთმანეთსაც გასწორებიან ახლა, 500 ლარის სანაცვლოდ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქეების დასასჯელად ისევ გაერთიანდნენ. აქციაზე ყველასთვის გაუგებარი -არასათანადოდ ჩაცმული, განსაკუთრებული აგრესიით გამორჩეული პირების ყოფნაც ასე აიხსნება.
გუშინ ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა მოქალაქეებს ხმის გამაძლიერებლებიდან აგინეს. ესეც დაშინების რუსული მეთოდია, რომელსაც ბელარუსში იყენებდნენ.
თავისუფალი ადამიანების პროტესტის ჩახშობა ქართული ოცნების მთავარი პრიორიტეტია, საგანგებოდ ამ მიზნით - ჩვენს დასარბევად - ბიუჯეტში ჩვენივე გადახდილი ფულით შეიძინეს წყლის ჭავლის ახალი მანქანები.
ახალი წყლის ჭავლის მანქანებზე ვიცით მხოლოდ ის, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ - ისინი ძველთან შედარებით ბევრად უფრო მძლავრია, ჭავლი სამი მიმართულებით იშლება და ჰაერში ბევრად უფრო მაღალი კონცენტრაციით ფანტავს ცრემლსადენ აირს, რომელიც ასევე არ ვიცით რა შემცველობისაა.
ვახტანგ გომელაურმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე დემონსტრაციულად გამოაცხადა, რომ შეიძინეს წყლის ჭავლის რამდენიმე ახალი მანქანა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია ზუსტად რამდენი. შესყიდვის დოკუმენტები საიდუმლოა, ამიტომ უცნობია რა რაოდენობისა და რა სტანდარტების სპეცტექნიკა იყიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ კადრებში იკითხება მანქანის მწარმოებელი კომპანიის სახელი. „სითრაკი“ ჩინური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა, გამოდის რომ გომელაურის უწყებამ ტექნიკა ჩინეთისგან იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანები საერთაშორისო კონვენციით დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება.
ქვეყანაში სადაც საჯაროა ვისგან რა რაოდენობით ვყიდულობთ სამხედრო ტექნიკას ასაიდუმლოებენ რა ღირს და სადა იწარმოება დარბევისთვის საჭირო აღჭურვილობა. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია როგორ დალაგდა პრიორიტეტები ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფი პირები 500 ლარად მოქალაქეების საცემად მოძალადეებს დღიურად ქირაობენ.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი