მოსამართლეები სანქცირების მოლოდინში | ევროპარლამენტის ყველაზე მწვავე რეზოლუცია

გამოქვეყნდა:

444 მომხრე, 72 წინააღმდეგი - ხმათა უმრავლესობით მიღებულ დოკუმენტში ევროპარლამენტარებმა პირდაპირ დაწერს რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად შედეგების ლეგიტიმაცია საეჭვოა.  ხუთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის მომზადებულ დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოში დემოკრატისთვის ძირის გამოთხრის  გამო ქართული ოცნების ლიდერებს სანქციები უნდა დაედოთ.

საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი მწვავე რეზოლუცია ევროპარლამენტს არასდროს მიუღია. ევროპელი დეპუტატები დეტალურად არიან ინფორმირებული როგორ მოპარა ოლიგარქმა ქართველ ხალხს არჩევანი, ამიტომ   ყველა პასუხისმგებელი პირის პერსონალურ სანქცირებას ითხოვენ.  სტრატეგიული პარტნიორები ქართული ოცნების ლიდერების გარდა,  სასამართლო კლანის ლიდერების და გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების დასანქცირებას ითხოვენ, 

რამდენად რეალურია ოცნებას დამორჩილებული, კლანის მოსამართლეების დასანქცირება? -  ამის შესახებ ჩვენ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ვკითხეთ. სწორედ რასა იუკნევიჩიანეა, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუციაში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი. ევროპარლამენტი ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორიც სწორედ ლიეტუველი პოლიტიკოსია. შაბათის მთავართან ინტერვიუში რასა იუკნევიჩინე ამბობს, რომ პერსონალური დასანქცირების პროცესი რთული იქნება, მაგრამ ამაზე ევროსტრუქტურებმა უნდა იმუშაონ. 

ევროპელი პოლიტიკოსები თვლიან ,რომ  საქართველოს მთავრობასთან და სასამართლო ხელისუფლებასთან ევროკავშირმა ყველანაირი თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს.  დაანონსებული სანქციები  სწორედ იმ  მოსამართლეებს   შეეხებათ, რომლებმაც  არჩევნების გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა და  გამოვლენილი კანონდარღვევები  უარყვეს. ერთ-ერთი ასეთი  მურუსიძე-ჩინჩალაძის გავლენიან ჯგუფთან  მჭიდრო კავშირში მყოფი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელმაც კოლეგიის სხვა მოსამართლეებთან, გოჩა დიდავასთან და დავით ახალბედაშვილთან ერთად მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება გააუქმა და მიკერძოებულად ცნო. ამით კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ოცნებას.

 ათასობით დოკუმენტის, ასობით უბნის საჩივრის, ათეულობით ტომად შეკრული საქმეების და ექსპერიმენტის მიუხედავად, თითქმის 24 საათიანი სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმით დაასრულა, რომ კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების არ ერთი საჩივარი არ გაიზიარა და განაცხადა  რომ  არჩევნების ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა. სამივე მსაჯულმა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი თვალით ნახა სასამართლოს დარბაზში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი, თუმცა ფარულობის დარღვევა მაინც არ აღიარა.  გადაწყვეტილების შემდეგ  ყველა დარწმუნდა რომ  სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური დავალება შეასრულა.

ევროკავშირის სანქციები იმ მოსამართლეებსაც შეეხებათ,  რომლებიც აშშ-ს  მიერ არიან დასანქცირებული.  ამერიკამ ეს ბერკეტი  სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ გამოიყენა  -  ლევან მურუსიძე; მიხეილ ჩინჩალაძე; ირაკლი შენგელია; ვალერი ცერცვაძე -  მოსამართლეებს, რომლებსაც  მოსახლეობა  ე.წ სასამართლო კლანის  ლიდერებად   იცნობს,  ამჯერად ევროკავშირის სანქციები ემუქრებათ.

სასამართლო კლანი  რომ ხელშეუხებელია  ეს მაშინაც დადასტურდა, როცა ოცნებამ ევროკომისიის მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე  - მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარი  თქვა.  ეს  გადაწყვეტილება კი პირდაპირი დასტური აღმოჩნდა, იმის  თუ როგორ თანამშრომლობს ქართული ოცნება  სასამართლო კლანთან.

 სანქცირებული მოსამართლეები, მათ მიერ დაგროვილი ქონება, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს და პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებები - ვეტინგის შემთხვევაში კორუფციულ სკანდალებში მხილებული კლანი სისტემის მიღმა აღმოჩნდებოდა, რაც გადამწყვეტი არჩევნების წინ  როგორც  ჩანს  ბიძინა ივანიშვილის ინტერესში არ შედიოდა.

 ევროპარლამენტში დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ევროკომისიას და ევროსაბჭოს უკვე გადაეცა,  სწორედ მათი შესასრულებელი იქნება რეზოლუციაში გაწერილი მოთხოვნები, ქართული ოცნების   ჩინოვნიკებისა და  სასამართლო კლანის დასანქცირების  შესახებ, რომლებმაც  ქვეყნის დემოკრატიას ძირი გამოუთხარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი