"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია" | აშშ-ის სახდეპის განცხადება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი. 

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება [საქართველოს] კონსტიტუციაში დაფიქსირებულ დაპირებას ევროკავშირსა და NATO-ში სრული ინტეგრაციის თაობაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით "ქართულმა ოცნებამ" ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა უარყო და საქართველო კრემლის წინაშე უფრო დაუცველი გახდა. 

ქართველი ხალხი ევროპასთან ინტეგრაციას მხარს უჭერს. შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საპროტესტო აქციები მშვიდობიანი დარჩეს.

"ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემასა და ანტიკორუფციასთან მიმართებით ძალისხმევას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.

ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ - დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს", - ნათქვამია სახდეპის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, სახდეპის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი