პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ორი ქვეყნის პირველი პირების სატელეფონო საუბრის შემდეგ, ოფიციალურ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
"პრეზიდენტი ანდჯეი დუდა თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის მრავალწლიან მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს მიზანი საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და ყველა გამოკითხვის მიხედვით მას მხარს უჭერს ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების სრული შეჩერების შესახებ, რაც დე ფაქტო ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობების გაყინვას, მტკივნეული დარტყმაა ამ მისწრაფებებისთვის და ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს. ეს რადიკალური ნაბიჯი, რომელიც აშკარად რუსეთის ინტერესებში შედის, ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დეკლარაციებს და, შესაბამისად, აქვს საარჩევნო გაყალბების სახე. ეს იწვევს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ყველა ეჭვის საფუძვლიან შემოწმებას.
მიმდინარე დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბები, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციის მრავალი წარმომადგენლის საჯარო პროტესტი არის მტკიცებულება ქართველ ხალხში ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი ღრმა იმედგაცრუებისა და შეშფოთების შესახებ. გარდა ამისა, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების უზარმაზარი გადაწყვეტილების ჩვენება. ამავდროულად, მედიის ინფორმაცია საპროტესტო აქციების ჩახშობის სისასტიკისა და სისხლისღვრის რისკის შესახებ დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მომავალი მოვლენების გამო. ამიტომ, პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს თავშეკავება და წინდახედულობა, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების ხმას და უარი თქვას მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებზე, გამოავლინოს ღიაობა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ყველა ეჭვის გარკვევაში და მზადყოფნა ახალი არჩევნების დასანიშნად.
საქართველოს ადგილი ერთიან ევროპაშია." ნათქვამია განცხადებაში.