პუტინი მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ მომავალს ჩამოაშოროს | დენიელ ფრიდი

გამოქვეყნდა:

ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი დენიელ ფრიდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანდეს

"აშკარაა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანდეს, რადგან ისინი არ არიან დაინტერესებული დემოკრატიული რეფორმებით, რომელიც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. როგორც ჩანს "ქართულ ოცნებას" ქვეყანა ავტორიტარული მიმართულებით მიჰყავს, ევროპის ძირითადი პოლიტიკური კულტურისა და სტრატეგიული ორიენტაციისგან შორს, ამის დასანახად არ გჭირდებათ, რომ ეს ამერიკელმა გითხრათ, სავსებით გასაგებია რის გაკეთებას აპირებენ ისინი. ქართული საზოგადოება პოლიტიკური თვალსაზრისით დაყოფილია, როდესაც საქმე პარტიებს ეხება, მაგრამ როგორც ჩანს ქართულ საზოგადოებას სურს ევროპული მომავალი და გასაკვირი სულაც არ არის იმ მასშტაბური დემონსტრაციების ხილვა რასაც თბილისში ვხედავთ."  - განაცხადა დენიელ ფრიდმა.

დენიელ ფრიდი კრემლის მხრიდან "ქართული ოცნების" მხარდაჭერაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პუტინს სძულს საქართველოს ევროპული მომავლის იდეა და მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ძალისხმევას, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას ჩამოაშოროს.

"ვლადიმირ პუტინი ნამდვილად უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას" ძალისხმევაში, საქართველო ევროპულ მომავალს ჩამოაშოროს, რადგან პუტინს სძულს საქართველოს ევროპული მომავლის იდეა. მას საქართველოზე რუსეთის ბატონობა სურს. რადგან ეს არის ერთადერთი გზა საქართველო თავის იმპერიაში შეინარჩუნოს, რისი მიღწევაც მას ძალიან უნდა და როცა ის საუბრობს ქართული ოცნების გამბედაობაზე, რა თქმა უნდა სრული სისულელეა. მამაცია ქართველი ხალხი და საქართველოს პრეზიდენტი, რომლებიც ითხოვენ დემოკრატიულ მომავალს და არა კორუმპირებულ მომავალს, რომელიც ქვეყანას საბოლოო ჯამში კრემლის დაქვემდებარებაში ყოფნას უქადის," - აღნიშნა ფრიდმა.

ამერიკელი ექსპერტის თქმით, საქართველოს მომავალი ვაშინგტონში არ წყდება და ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ფრიდის თქმით, აშშ-ს შეუძლია ქართველი ხალხის მიმართ თავისი მხარდაჭერა გამოხატოს და აიძულოს საქართველოს ხელისუფლება პატივი სცეს დემოკრატიულ წესებს, მათ შორის სანქციებითაც.

"საქართველოს მომავალი ვაშინგტონში არ წყდება, ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ აშშ იყო ე.წ ფერადი რევოლუციების ოსტატი, ეს სრული სისულელეა. საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აშშ-ს შეუძლია ქართველი ხალხის მიმართ თავისი მხარდაჭერა გამოხატოს. მას შეუძლია აიძულოს საქართველოს ხელისუფლება პატივი სცეს დემოკრატიულ წესებს და ვფიქრობ ეს გაგვიკეთებია კიდეც. ცნობილია, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები მომზადებული აქვს და შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ის უნდა გამოიყენოს." - განაცხადა ფრიდმა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი