არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიევროპულ გადაწყვეტილებას მეორე დღეა აპროტესტებენ ხაშურში. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხაშურში ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ არ აპირებენ შეეგუონ იმ რეალობას რომელიც შექმნა ოლიგარქიულმა რეჟიმმა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ როგორც მასწავლებლები ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.
"შიშით ხაშური ვერ აშენდება!", "ხაშური ირჩევს ევროპას!", "ქართული ოცნება = საოკუპაციო რეჟიმს", "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი", "დუმილი ოქროა, მაგრამ არის დრო, როცა ოქრო 30 ვერცხლად იქცევა" - ამ ტრანსპარანტებით არის გამოსული ხაშურის მოსახლეობა ქალაქის ცენტრში.
"საქართველოს ხელისუფლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებების დარღვევაა ისიც, რომ საჯარო მოხელეები ვერ გამოდიან შიშით, გამოდით, შიშით ვერც ხაშური აშენდება და ვერც ქვეყანა. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი გზა არის ევროპული გზა, გამოდით და დაიცავით კონსტიტუცია." - აცხადებს აქციის მონაწილე.
"ფაქტობრივი მოცემულობაა რომ ქართული ოცნება=საოკუპაციო რეჟიმს, ხელისუფლება როგორც იქცევა თავის მოქალაქეებს და რასაც აკეთებს, ასე ნორმალური ხელისუფლება არ იქცევა, ასე იქცეოდა როდიონოვი 9 აპრილს, ასე იქცევა რუსეთი, პუტინი და უკვე ქართული ოცნებაც. ყოველდღიური გახდება საპროტესტო აქციები ხაშურში და როცა საკვანძო მომენტი დადგება და საჭირო იქნება შევუერთდებით თბილისის აქციას, რომ ესენი ამ ქვეყანას მოვაშოროთ." - აცხადებს პროტესტში მონაწილე ადგილობრივი მცხოვრები.