სპეციალური საჭიროებების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები და მათი მშობლები დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია 17:00 საათზე ერთდროულად დაიწყება თბილისში - ჯანდაცვის სამინისტროსთან, ბათუმში მთავრობის სახლთან და რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის მერიებთან.
"გვსურს ევროპული და სტაბილური მომავალი, სერვისების მრავალფეროვნება და სერვისების ხარისხის შენარჩუნება!
სპეციალური საჭიროების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების ხმა ყველაზე ხმამაღლა ევროპაში ისმის. იქ მათი ინტერესები სახელმწიფო პრიორიტეტია, ამიტომაც სპეციალისტების გადამზადება, სერვისების მრავალფეროვნება და სერვისის ხარისხი, საკანონმდებლო ორგანოში თემის წარმომადგენლების ჩართულობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია!
ჩვენ გვინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება! ნუ დაგვაკარგვინებთ ევროპულ მომავალს! ნუ დაგვიკარგავთ ხმას!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მოწოდებაში.
აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ თან იქონიეთ რბილი სათამაშო, რომელსაც პირი თეთრი სახვევით ექნება აკრული.