"ჩემმა მოსწავლეებმა იციან თავისუფლების ფასი, სხვა გზა არ არსებობს, მხოლოდ ევროპისკენ" | სამეგრელოში მოსწავლეების პროტესტს მასწავლებლებიც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ სკოლის მოსწავლეებიც გამოდიან. მაღალი კლასის მოსწავლეები სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარს ამბობენ და სკოლის ხელმძღვანელობასა და მასწავლებლებს მოუწოდებენ, რომ მათ პროტესტს შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებია, როგორც თბილისის სკოლებში ასევე რეგიონებშიც.

ზუგდიდში ორშაბათი პროტესტით დაიწყეს ქართულ-ფრანგული სკოლისა და მე-5 სკოლის მაღალკლასელებმა. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებით მათ ევროპული მომავალი დაუკარგა. შვილებს სოლიდარობას უცხადებენ მშობლებიც.

"პედაგოგები არიან ის ხალხი, ვინც ჩვენ თავის დროზე გვასწავლიდა თავისუფლების ფასს და მათ გარეშე ეს ამბავი ვერ ჩაივლიდა..." , "ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ და ჩვენი არჩევანი არის ევროპა...", "როცა ჩვენი ბედი წყდება, ჩვენც ფეხზე უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ ევროპისთვის..." - აცხადებენ მოსწავლეები. მათი თქმით, ისინი გეგმავენ რომ ქალაქში დაგეგმილ საერთო საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

მოსწავლეების პროტესტს უერთდება მასწავლებლების დიდი ნაწილიც.

"ისტორიას ვასწავლი, ჩემი მოსწავლეები არიან და იციან თავისუფლების ფასი ... ვარ ბავშვების გვერდით, სხვა გზა არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ევროპისკენ. "...

"ბავშვები იცავენ საკუთარ მომავალს, მათ არ უნდათ გარუსება, მათ უნდათ "ევროპული საქართველო", არ უნდათ რომ მათი მშობლები ევროპაში მიდიოდნენ სამუშაოდ, პირიქით ევროპული სამუშაოები უნდა იყოს საქართველოში, ევროპული ჯანდაცვა, განათლება... "- ასეთია საპროტესტო აქციაში მონაწილე მასწავლებლების კომენტარები.

არსებული ინფორმაციით, მასწავლებლების მიმართ არსებობდა გარკვეული ზეწოლა რესურსცენტრებისგან, თუმცა ისინი ამ ზეწოლას არ დაემორჩილნენ და ამ დროისთვის ზუგდიდის გარდა სასწავლო პროცესი ჩაშლილია სენაკის, მარტვილის, ფოთისა და წალენჯიხის რამდენიმე სკოლაში.

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი