საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პოლიციის მობილიზებაა. საგარეო უწყებაში მისვლას და თანამშრომლებთან შეხვედრას არალეგიტიმური პრემიერი გეგმავს. სწორედ ირაკლი კობახიძის ანტიევროპულ გადაწყვეტილებას გაემიჯნა საგარეო უწყების 250-ზე მეტი თანამშრომელი, 6-მა ელჩმა კი თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით კობახიძე მიზანმიმართულად გეგმავს შეხვდეს სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მისი გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
საგარეო უწყებასთან ამ დროისთვის საპროტესტო აქცია იმართება, რომელშიც ყოფილი დიპლომატებიც მონაწილეობენ.
"რუსული რეჟიმის მოლაპარაკე თავის -კობახიძის ჭკუის სწავლება არ სჭირდებათ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ეს არალეგიტიმური რეჟიმი პირდაპირ არის მართული რუსეთიდან,"- აცხადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი.
ქართველი დიპლომატი, საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ თვითმარქვია რეჟიმის წინააღმდეგ თანდათანობით კიდევ უფრო მეტი საჯარო მოხელე გამოვა. გიგიაძე ელის, რომ პროტესტი გაგრძელდება ელჩებშიც.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი. უწყებაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს.
ბოლო ინსაიდერული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომელიც ამ წუთებში მომაწოდეს ჩვენმა დიპლომატებმა:
- ის ქართველი დიპლომატები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პროევროპულ განცხადებას, არ შედიან პრემიერად წოდებულთან შეხვედრაზე;
- ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ არ აძლევენ ამ შეხვედრაზე აზრის გამოთქმის საშუალება. გააზიარეთ ეს ინფორმაცია და მხარი დაუჭირეთ ქართველ პატრიოტ დიპლომატებს! - წერს ზურაბ ბატიაშვილი.