თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას გმობენ.
მათი თქმით, უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ყოველგვარი შეფერხებისა და გადავადების გარეშე.
ამ დროისთვის განცხადებას ხელს 120-ზე მეტი მშობელი აწერს.
"ჩვენ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვხედავთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. ეს სკოლა, თავისი ისტორიული გამოცდილებით და მდებარეობით, ყოველთვის იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრი. სწორედ ამიტომაც, ვფიქრობთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლების პოზიციას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად უნდა ისწრაფოდეს ევროინტეგრაციისაკენ, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. ამიტომაც უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ყოველგვარი შეფერხებისა და გადავადების გარეშე.
ჩვენ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რომ ჩვენს შვილებს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს, ისევე როგორც მთელ საზოგადოებას, მთელი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნას", - ნათქვამია განცხადებაში.