"ვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას" | ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგების პეტიცია

გამოქვეყნდა:

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას ითხოვენ.

მათი თქმით, ახლა უმოქმედობა დანაშაული იქნება არა მხოლოდ მომავალი თაობების, არამედ დიდი წინაპრების წინაშეც, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს რკინის იმპერიასთან ბრძოლას და რომელთა სახელების დავიწყებასაც ყოველთვის ცდილობდა საბჭოთა იდეოლოგია.

"ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 1991 წელს,  ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის დანგრევამდე დაარსდა  დეკანოზ დავით შიოლაშვილის, ამჟამად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის მიერ. სკოლა იმთავითვე სრულიად გაემიჯნა საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემას! 

ჩვენმა პედაგოგებმა საგანგებოდ შექმნეს ალტერნატიული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები; სასწავლებლის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის შეექმნა საბჭოთა იდეოლოგიისაგან თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე, რათა მათ შეეძინათ  ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების  მოქალაქეებისათვის საჭირო  უნარ–ჩვევები; აღზრდილიყვნენ ეროვნულ  და მსოფლიო ფასეულობებზე, ყოფილიყვნენ ღია და გახსნილები საზოგადოებისათვის, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი პიროვნებები.

პირველივე დღიდან ვცდილობთ, სწორი ორიენტირებით წარვმართოთ ჩვენი მოსწავლეების ხედვა, ვასწავლოთ ჭეშმარიტი ისტორია, რომ შეძლონ იმ უბედურების გააზრება, რაც ორასწლიანმა რუსულმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს! 

დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა ჩვენგან სიმართლეს ითხოვს! 

დროის უკუქცევა შეუძლებელია, მაგრამ, ვხედავთ, რომ ისტორიის გაკვეთილები მეორდება! 

ამიტომ ვთვლით, რომ უმოქმედობა დანაშაული იქნება არა მხოლოდ მომავალი თაობების, არამედ ჩვენი დიდი წინაპრების წინაშეც, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს რკინის იმპერიასთან ბრძოლას და რომელთა სახელების დავიწყებასაც ყოველთვის ცდილობდა საბჭოთა იდეოლოგია!

განვითარებული მოვლენები არ არის ბრძოლა თაობათა შორის, ესაა ბრძოლა ნამდვილად ღირსეული მომავლისთვის! 

ჩვენ ვასწავლით ჩვენს  მოსწავლეებს კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემას და ამიტომ ვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი