სასკოლო ოთახებიდან დემონსტრაციებზე | ევროპული მომავლისთვის ბრძოლას საშუალო სკოლები უერთდებიან

გამოქვეყნდა:

ქვეყნის ათობით სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. დედაქალაქში უკვე რამდენიმე საჯარო სკოლაა გაფიცული. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები საპროტესტო ბანერებით გამოვიდნენ და რუსთაველზე მდგარ ახალგაზრდებს სოლიდარობა გამოუცხადეს.  ამბობენ, რომ ქვეყნის მომავალი თავად არიან და მათი არჩევანი ევროპაა.

პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესი უკვე გაჩერებულია თბილისის კიდევ რამდენიმე სკოლაში. გაფიცვის გადაწყვეტილება მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა არალეგიტიმური ხელისუფლების ძალადობის და მშვიდობიანი მოქალაქეების უმოწყალოდ დარბევის გამო მიიღო. გაფიცულია თბილისის  143-ე, 128-ე 161-ე იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლა, ასევე საერთო პროტესტს შეუერთდნენ "ნიუტონის თავისუფალი სკოლა", "მწვანე სკოლა", "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია", მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში. გაფიცულია ათასწლეულის სკოლა, რომლის პედაგოგი, თორნიკე ჭელიძე სასტიკი დარბევის დროს სპეცრაზმელებმა დააკავეს. 

საპროტესტო ხმა ისმოდა რეგიონებშიც. ზუგდიდში ორშაბათი პროტესტით დაიწყეს ქართულ-ფრანგული სკოლისა და მე-5 სკოლის მაღალკლასელებმა. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებით, მათ ევროპული მომავალი დაუკარგა. შვილებს სოლიდარობას უცხადებენ მშობლებიც. მოსწავლეები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ სენაკშიც. 

რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად სწავლის  გაგრძელებაზე ასობით მოსწავლემ და პედაგოგმა თქვა უარი გორშიც.  გორის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები ადმინისტრაციამ დილით სკოლაში გამოკეტა და საერთო სახალხო პროტესტისთვის შეერთების საშუალებას არ აძლევდა. გორის მესამე საჯარო სკოლასთან სხვა სკოლების მოსწავლეებიც მივიდნენ, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს მესამე საჯარო სკოლის გაფიცულ მოსწავლეებს.

პრორუსული ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ  განცხადებაზე იმერეთში პროტესტი ამ დრომდე არ წყდება. პროტესტს დღეს ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა შეუერთდა. მოსწავლეები პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესს არ დაესწრნენ. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლებს ეხმაურებიან და თბილისში დარბეულ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.
 
სახალხო საერთო პროტესტს შეუერთდა ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაც. მე-10 მე-11 მე-12 კლასელები საგაკვეთილო პროცესებს არ დაესწრნენ. ისინი   ემიჯნებიან აქციების ძალადობრივად დარბევას  და "ქართული ოცნების" რუსულ პოლიტიკას. მათი თქმით საქართველოს  მომავალი ევროპაშია და ამას არავის დაუთმობენ.

ავტორი: სალომე გველებიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი