სპეცრაზმის სისასტიკე წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. ასობით დაკავებულიდან ფაქტობრივად ყველა პოლიციის მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეზე, ძალადობაზე, ცემასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს. თუმცა, ამ ძალადობრივ მოცემულობაშიც არის რამდენიმე ათეული განსაკუთრებულად გამორჩეული შემთხვევა. სასტიკი ცემის ფაქტები რომლებიც ეთერში ვნახეთ და ფაქტები, რომლებიც კამერების ყურადღების მიღმა დარჩა. რამდენიმე ახალგაზრდა განსაკუთრებით მძიმე დაზიანებით საავადმყოფოებში გადაყვანილი. რამდენიმე შემთხვევაში უმძიმეს დაზიანებებზეა საუბარი, რომლებიც საბოლოოდ ინვალიდობაში გადაიზრდება. არის შემთხვევები როდესაც სპეცრაზმის მიერ ნაცემები სიცოცხლისთვის იბრძვიან და ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ.
22 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ახალგაზრდას აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა. ალექსი თირქია მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მის გადარჩენას ექიმები 15 საათზე მეტია ცდილობენ.
ალექსი თირქიას დაშავება "მთავარი არხის" კამერამ გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს 22 წლის ბიჭი სასწრაფოს მანქანამდე ხელთ მიჰყავდათ. ახალგაზრდას სახე მთლიანად სისხლიანი აქვს. ექიმის მონაყოლით, კლინიკაში გადაყვანამდე, ალექსი თირქია კონტაქტური იყო და დახმარებას ითხოვდა.
გუშინდელ აქციაზე შსს-ს თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ შშმ პირსაც. მას სახის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული და ტვინის შერყევა აქვს. ახალგაზრდას ათამდე ნიღბიანი გაუსწორდა.
სპეცრაზმის მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე კიდევე ერთი მსხვერპლი, გიორგი ჩუტკერაშვილია. ის თავდასხმის დეტალებს "მთავარ არხთან" იხსენებს და ამბობს, რომ ძალადობა დაპატიმრების მომენტიდან დაიწყო და იზოლატორში შეყვანამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეს მოტეხილობები და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
მშვიდობიან მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან. ყველა დაზარალებული ყვება, რომ მათ ნიღბიანი პოლიციელები. ჯგუფურად უსწორდებიან და მიზანმიმართულად ურტყამენ სახეში. ბევრ მათგანს აღენიშნება სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა. ნაცემი მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.
ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული კიდევ ერთო სამოქალაქო აქტივისტი. სოსო ბაბაევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიღბიანი თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს სასტიკად გაუსწორდნენ.
უფლებადამცველებმა გამოჰკითხეს დაკავებულები, რომლებიც სასტიკი ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. სწორედ მათ მონათხრობის მიხედვით შედგა განცხადება.
დაკავებულების თქმით, მათ მიკროავტობუსში უმოწყალოდ, სულ მცირე, ექვსი სპეცრაზმელი სცემდა. ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ისინი ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, დაკავებულებისთვის ხელი ან ფეხი რომ მოეტეხათ. მათ ზემდგომი პირი მიუთითებდა, რომ ჩაერტყათ ღვიძლის და კეფის არეში. ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ.
ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო.
მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს.
სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას.
ცემა, დაკავება, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა და სასტიკი ანგარიშსწორება - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შსს თანამშრომლები უსწორდებიან ყველას, ვინც ქუჩაში დგას და ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავს. ახალგაზრდებს სცემენ დაკავების დროს და შემდეგაც, სანამ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანენ.