ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან საკრებულოს სხდომის პარალელურად პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა, მიზეზი საპროტესტო აქციაა, რომელიც ხაშურის მოსახლეობა არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპული ქმედებების გასაპროტესტებლად მართავს. პროტესტის მონაწილეებმა ადგილობრივ ჩინოვნიკებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.
ხაშურელები მერვე დღეა ქვეყნის გარუსების მცდელობას სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან კი, თავდასხმას და შეურაცხყოფას იღებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, ხაშურის მერმა თემურ ჩიტიაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა, მომიტინგეებს, რომელთაც ევროპული მომავალი სურთ, მონა და ნაცი უწოდა.
აქციის მონაწილე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ხაშურში მიმდინარე პროტესტს ბანერით "ქართული ოცნება=საოკუპაციო რეჟიმს" უერთდება, აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" რუსული სცენარით მოქმედებს.
"ქართული ოცნება" მშვიდობიან პროტესტს არბევს რუსული მეთოდებით. ევროინტეგრაციაზე უარის თქმით თამაშობს რუსულ თამაშს. ქართული ოცნება არის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც მართავს არალეგიტიმური პირი. დღეს საქართველოს ჰყავს პარლამენტი, რომელმაც საკუთარ თავს ლეგიტიმაცია უკანონო გზით მისცა,- ყველაფერი ეს ახასიათებს საოკუპაციო რეჟიმს."- აცხადებს აქციის მონაწილე.