საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი და ივანიშვილი აქტიურ როლს ასრულებს ამ სიტუაციაში, - განაცხადა მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა აშშ-ს სენატორებთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც სენატორები ქართული ოცნებისთვის მაგნიტსკის სანქციების დაწესების ინიციატივას განიხილავენ.
"მინდა დავასახელო გვარები. არსებობს ასეთი ადამიანი ივანიშვილი, რომელიც ეროვნებით ქართველია და არის მილიარდერი, სად იშოვა ფული- რუსეთში, როგორ იშოვა რუსეთში გაზპრომით და სხვა სახელმწიფო კომპანიების გზით. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეს კომპანიები კორუმპირებულია. მან იშოვა რამდენიმე მილიარდი, დაბრუნდა საქართველოში. როგორ აკონტროლებენ მას რუსები- ეუბნებიან, შენ ფული გააკეთე საეჭვო გზებით, შეგვიძლია ყველაფერი წაგართვათ. საქმეები აღვძრათ, მაგრამ არცერთს არ გავაკეთებთ, თუ დაგვეხმარები. სწორედ ამას აკეთებს. ის დაეხმარა და აქტიურად ეხმარება დიდი ხანია. სამართლიანი იქნებოდა ითქვას, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი და ივანიშვილი აქტიურ როლს ასრულებს ამ სიტუაციაში. ეს ერთი მაგალითია, როგორ მუშაობს კორუფცია. ხალხს, რომელიც კორუმპირებულია და მთავრობაშია არანაირად არ სურთ, რომ მომავალმა მთავრობამ გამოიძიოს მათი საქმეები. ამიტომ ისინი არ თმობენ ძალაუფლებას. ამას აკეთებენ ბიულეტენების ყუთების ჩაყრით, არჩევნების გაყალბებით. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ამიტომაა კორუფცია მნიშვნელოვანი“ — განაცხადა ბილ ბრაუდერმა.