საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის მიერ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ.
გიორგი შალუტაშვილის თქმით, ის ძალადობას ემიჯნება და ყველანაირად ეცდება ანდრო ჭიჭინაძის ოჯახის თანადგომას, თუმცა ინსტიტუციის სახელით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
რუსთაველის გამზირზე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორისა და პროტესტის მონაწილე მსახიობების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მსახიობები დაპატიმრებული კოლეგის საკითხზე მისგან უფრო მკაფიო განცხადებას ითხოვდნენ.
"პირადად მე გიორგი შალუტაშვილი, რაც ჩემს ხელში იქნება, კანონი თუ მორალი, დავდგები ამ ოჯახის გვერდით, რაც შესაძლებელი იქნება კანონის ფარგლებში. ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ გულისამრევია და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. სოლიდარული ვარ ყველა პატიმრის მიმართ როგორც ქრისტიანი. მე მთხოვთ ხელისუფლების ნაცვლად პასუხს. მე მაქვს მორალური პოზიცია. გავაკეთებ ყველაფერს რაც ჩემ ხელში იქნება," - განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.
გიორგი შალუტაშვილმა აქციის მონაწილე კახა კინწურაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე მასთან იკონტაქტებდა. რის შემდეგაც კახა კინწურაშვილმა გიორგი შალუტაშვილს სთხოვა, რომ ნამდვილი სოლიდარობის ნიშნად, თეატრალური უნივერსიტეტის შენობაზე იმ მსახიობების ფოტოები გამოეფინათ, რომლებიც მიმდინარე პროტესტის ფონზე ძალადობის სამიზნეები გახდნენ და ზოგიერთი მათგანი კვლავ პატიმრობაშია.