თეატრალური სფეროს წარმომადგენლების პროტესტმა რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრთან გადაინაცვლა. მსახიობების მსვლელობის მიზანია, რომ მათ პროტესტს კიდევ ბევრი ხელოვანი შეუერთდეს და ყველა თეატრმა ღიად და საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია და დაგმოს ძალადობა, რომელიც ხორციელდება პროტესტის მონაწილეების, მათ შორის მსახიობების მიმართ. მსახიობები მათი კოლეგის ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას აპროტესტებენ.
მარჯანიშვილის თეატრის შესასვლელთან აქციის მონაწილეებს პოლიცია დახვდათ მობილიზებული, რომლებმაც თავდაპირველად მათ შენობაში შესვლა შეუზღუდეს, თუმცა მოგვიანებით თავად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროტესტის მონაწილეები მიეღო და მსჯელობა თეატრის დარბაზში გაგრძელებულიყო. მოგვიანებით, პროტესტის მონაწილეები სხვა თეატრებთან მისვლასაც გეგმავენ.
შეგახსენებთ, არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ საქართველოში მე-9 დღეა მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს. ევროპული გზის დასაცავად პროტესტს უკვე შეუერთდა თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი. ანტიევროპულ გადაწყვეტილებებს გაემიჯნა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი. გადადგა რამდენიმე ელჩი და რამდენიმე მინისტრის მოადგილე. თანამდებობა დატოვა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. დაპატიმრებულია ასობით ადამიანი, რომლებზეც დაკავების შემდეგ სასტიკად იძალადეს. დაკავებულთა შორის არიან "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია და "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი. დაპატიმრებების პარალელურად საპოლიციო ძალები პარტიების ოფისებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებს ჩხრეკენ. გაჩხრიკეს პროტესტის ორგანიზატორი აქტივისტების სახლებიც.
არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს მწვავე საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. სანქციების დაწესებისთვის ემზადება აშშ, ევროკავშირი და კანადა. ამ ფონზე ივანიშვილის რეჟიმი მხარდაჭერას და შექებას იღებს კრემლისგან.