არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიევროპული გადაწყვეტილებებს და ძალადობრივ პოლიტიკას მე-9 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ქუთაისშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეიძლება შეუქმნას ქვეყანას.
"პირველ რიგში რაც დღეს გაჟღერდა საფრთხე ეს არის ჩვენი დიპლომების აღიარება ევროკავშირის ქვეყნების მიერ, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს განათლების ბიზნესს, უცხოელი სტუდენტები არ ჩამოვლენ, ასევე არ მოხდება ქართველი სტუდენტების დიპლომების აღიარება საზღვარგარეთ.
მეორე საფრთხე არის კონკრეტულად ის რაც ქუთაისს შეეხება, ჩვენი ქალაქი ისედაც ძლივს სულდგმულობს, ერთადერთი კარგი საშუალება ეს იყო აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომელზეც ბაზირებულია ვიზეარი, თუ ვიზალიბერალიზაციას შეექმნება პრობლემები, რის გამოც ეს კომპანია შემოვიდა, აღარ გვექნება ეს საშუალება. ტურიზმი ჩაკვდება და ეს ქალაქიც იქცევა ჩიხად.
ამაზე გვჭირდება დაფიქრება, ყველა უნდა ვიდგეთ გარეთ. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ხილული გახდეს ჩვენი პროტესტი და რეჟიმი მიხვდეს, რომ ამ ქვეყანაში რუსული ოპერაცია ვერ გაუვა," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის" თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძემ