"მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის მოუგია" | გამყრელიძე ჯანმრთელობის რისკებზე, რაც აქციების ძალადობრივმა დაშლამ შეიძლება გამოიწვიოს

გამოქვეყნდა:

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ხანგრძლივად ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ე.წ. ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი უკვალოდ არ ჩაივლის და იმოქმედებს, როგორც თავად პროტესტანტების, ასევე ახლოში მცხოვრები მოსახლეობისა  თუ თვითონ სპეცრაზმელების ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წერს. გამყრელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანა მწვავე პოლიტიკურ კრიზისშია. მისი თქმით, მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია.

მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში   გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს!

როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი,  სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების,  ვაკვირდები  მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ასი ათასობით მოქალაქე, რომლის მსგავსი მასშტაბის არ მახსოვს.

სამწუხაროდ უკვე მე-9 დღეა  სახელმწიფო იყენებს, განსაკუთრებით თბილისში, სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ ძალას და დაპირისპირება უკვე  მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს. როგორც ექიმი და ათეული წლების განმავლობაში პიროვნება მდგარი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ძალიან განვიცდი  ასეთ ესკალაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს დაეკისრება.

პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს, როცა სამწუხაროდ იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება და გვქონდა მსხვერპლი, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან. იყო მხოლოდ ერთჯერადი (ერთდღიანი) გამოყენება და დამერწმუნეთ ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ექსპოზირებული ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იქნებიან ესენი მშვიდობიანი პროტესტანტები, ახლოში მცხოვრები მოსახლეობა თუ თვითონ სპეცრაზმელები.

დარწმუნებული ვარ რომ ჩემი კოლეგები, სასწრაფო დახმარების თუ საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებენ ადამიანთა დროული სამედიცინო დახმარებისთვის, როგორც ყოველთვის და ისტორიულად ასეთი ტიპის კრიზისების დროს სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მოწოდების დონეზეა. მაგრამ საჭიროა, რომ აქციის მონაწილეებს რეგულარულად მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე (სულ მცირე N95 ნიღბები, ფიზიოლოგიური ხსნარი და წყალი კანის ზედაპირისა და სახის სწრაფი დამუშავებისა და ტანსაცმლის დეკონტამინაციისთვის, დაურიგდეს მათ ნაბეჭდი რეკომენდაციები, თუ როგორი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამ დროს და სისტემატურად ცხადდებოდეს ეს რადიოთი და სოციალური მედიით. ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა).

თვალს ნუ დავხუჭავთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის სულ უფრო და უფრო მწვავდება და ნუ შევიყვანთ მას გამოუვალ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძალიან რთული იქნება. კარგად იცით, რომ ეს ახარებს მხოლოდ ერთ ქვეყანას, ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც მუდმივი ქაოსი უნდა ამ ქვეყანაში და ნუ გავახარებთ მტერს.

ჩვენი ნამდვილი მეგობრები გვთავაზობენ გამოსავლის რეალურ გზებს, რომ ჩვენ კვლავ დავრჩეთ დასავლურ ორბიტაზე და ხელიდან არ გავუშვათ ევრო და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩენის  რეალური შანსი. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას ქვეყნის განვითარების ამ გზაჯვარედინზე. ახალგაზრდობასთან ბრძოლაში ვერასოდეს ვერ და არ უნდა გაიმარჯვოს მამების თაობამ, ეს დიალექტიკის კანონია. ასეთი კრიზისის დროს ძლიერმა უნდა დათმოს და ეს სისუსტის ნიშანი არ იქნება, პირიქით სიბრძნისა და სწორი სტრატეგიული ხედვის.

კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია. მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ  მტრებს!"  -  წერს ამირან გამყრელიძე

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი