ოპოზიცია 17:00 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად თსუ-დან რუსთაველისკენ მსვლელობას აანონსებს

გამოქვეყნდა:

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და გასულ ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, გუშინ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის სისუსტე და შიში გამოაჩინა.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის სისუსტის და შიშის გამოვლინება საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. მაშინ როდესაც პრემიერად წოდებული კობახიძე თავს იმშვიდებდა, რომ პროტესტის ტალღა შეწყდა, ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო ძალადობა, მშვიდობიანი, ხაზგასმით ვამბობ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ვნახეთ უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრება თავისუფლების მოედნის მეტროსთან და ბიჭი რომელიც ამბობს თავისუფლება საქართველოს და მღერის ჰიმნს. ჩვენ ვნახეთ გუშინ წყლის ჭავლი და სპეც საშუალებები..." - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს თანამდებობის დატოვების და თავიანთი დამოკიდებულების მკაფიოდ და მტკიცედ დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

"საჯარო სამსახურებში მომუშავე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობა. ხოლო, რაც შეეხება, უშუალოდ საჯარო მოხელეებს, მათ მკაფიოდ და მტკიცედ უნდა დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საჯარო მოხელეებმა დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების აბსოლუტური უმრავლესობის, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წევრების, ლიდერების მიმართ სხვადასხვა დანაშაული...

ასევე დაგმონ მკაფიოდ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ცვლილება, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება და შეუერთდნენ, ასევე ღიად, საერთო სახალხო მოთხოვნას და ეს მოთხოვნა არის დაინიშნოს ხელახალი არჩევნები..." - განაცხადა ნანა მალაშხიამ. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირამდე, 17:00 საათზე, აქცია-მსვლელობა დააანონსა.

"დღეს 17:00 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, მე ამ ახალგაზრდებს შემიძლია დავარქვათ ღირსების თაობა, ყველანი უნდა შევიკრიბოთ თსუ-სთან და მსვლელობით წამოვიდეთ რუსთაველისკენ. ვიყოთ ძალიან ბევრი. დამარცხების, "ქართული ოცნების" აი ამ რეჟიმის დასრულების გზა არის საყოველთაო ერთიანობა, საყოველთაო ერთსულოვნება და იმ დიდი გაფიცვის, დიდი საყოველთაო დაუმორჩილებლობის ნიშნულამდე მისვლა, როდესაც რეჟიმი საბოლოოდ ჩამოიშლება და უარს იტყვის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი