
პროდასავლურმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს ტრადიციული საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე ისაუბრა.
"პარტია საქართველოსთვის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის წინააღმდეგ ომი აქვს გამოცხადებული და სიკვდილის რაზმები უპირისპირდებიან პროტესტში მონაწილე ადამიანებს და მედიის წარმომადგენლებს.
"დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა. თბილისის ქუჩები გადაცემულია სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომელსაც მართავს ივანიშვილი. გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც 4 პოლიტიკური ძალა და ხალხი ერთად ვითხოვთ, ისევე როგორც ვითხოვთ გათავისუფლებას ყველა იმ პოლიტპატიმრის, რომელთა რაოდენობაც 450-ს გადასცდა," - განაცხადა აქუბარდიამ
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრაზეც და განაცხადეს, რომ კიდევ ერთხელ ტყუილი აღმოჩნდა არალეგიტიმური ხელისუფლების დაპირება, რომ ისინი ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებას შეძლებდნენ და დონალდ ტრამპს არალეგიტიმური ოცნების ხელისუფლების ნაცვლად ლეგიტიმური პრეზიდენტი შეხვდა.
"ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან ცუცქირიძე აცხადებს რომ არალეგიტიმური ხელისუფლება მოსახლეობის მიმართ ტერორს იყენებს.
"სამართალდამცავები გახდნენ სამართალდამრღვევები და დღეს საქართველოს თავისუფლების, კონსტიტუციის სადარაჯოზე სამოქალაქო საზოგადოება დგას და მისი ნამდვილი ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ასეთი ქმედებები ახასიათებთ ავტორიტარულ რეჟიმებს და ვნახეთ როგორ დაასრულა იანუკოვიჩმა, ასე დაასრულა ასადმა და ასე დაასრულებს ბიძინა ივანიშვილი, ვინც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის. "ქართული ოცნებაში" ბოლო პერიოდში ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ ტრამპი იყო მათი გადამრჩენელი და მასთან მოხდებოდა გადატვირთვა ურთიერთობების, ასეთი რამე ვერ მოხდება, რადგან არცერთ მთავრობასთან, რომელიც ასე ეპყრობა საკუთარ საზოგადოებას, შეერთებული შტატები არ დაიჭერს საქმეს." - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ჯაფარიძის შეფასებით, გრძელდება "ოცნების" საერთაშორისო იზოლაცია, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პარიზში გამართულმა შეხვედრებმა, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება კი არ იყო მიწვეული. გია ჯაფარიძემ პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ სიმართლის მხარეზე დადგნენ.
"გრძელდება "ქართული ოცნების" საერთაშორისო იზოლაცია. გუშინ პარიზში იყო ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიშანსვეტის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის, გახსნის ცერემონიალი, სადაც არალეგიტიმური "ქართული ოცნება" მიწვეული არ იყო. იქ იმყოფებოდა ლეგიტიმური პრეზიდენტი.
ის ტყუილები, რასაც ასაღებდნენ საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით ასევე აღმოჩნდა ტყუილი. არჩეული პრეზიდენტი ტრამპი უკვე უკავშირდება რეგიონის ლიდერებს, ის უკვე ელაპარაკა ტელეფონით რეგიონის რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერს. არანაირი კომუნიკაცია "ქართულ ოცნებასთან" არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს არ ჰქონია" - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ივა ჭყონიას თქმით, ტიტუშკების მხრიდან "ტვ პირველის" ოპერატორის ცემამ მას გიორგი ანწუხელიძის კადრები მოაგონა.
"როგორც ანწუხელიძეს ფეხებით შედგნენ და სცემდნენ და ცემაში მოკლეს, ეს უნდოდათ. რუსული რეჟიმი გვმართავს. ვინ უნდა გამოიძიოს? არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ? ვინ აღიარებს ამათ? გამოდით არ დანებდეთ, თქვენი შვილების მომავალი ხელში არ ჩაუგდოთ. ყველა ადამიანი, ვინც რამით არის დაკავებული ქვეყნისთვის დოვლათს ქმნის, გამოდით. დღეს ყველანი, ვის თავზეც გადაიარეს ხართ ანწუხელიძეები. ქართველი ხალხი იზეიმებს ბედნიერ ახალ წელს, ბანდიტებს ამ ქვეყანას არ დავუთმობთ," - განაცხადა ივა ჭყონიამ.