
მედია ტერორის წინააღმდეგ! - დღეს 8 დეკემბერს 15:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ჟურნალისტები, ოპერატორები, ჩართვის ოპერატორები და მედიის სხვა წარმომადგენლები მედიის მიმართ ტერორსა და რეპრესიებს გააპროტესტებენ.
ოპერატორების მიერ დაანონსებულ აქციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც უერთდება და მედიას საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
მე-11 დღეა საქართველოში არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ და ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებენ. პროტესტმა მოიცვა თბილისი და რეგიონები. ივანიშვილის სპეცრაზმი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ძალადობრივად უსწორდება. დაკავებულია ასეულობით მომიტინგე. ოლიგარქის სასამართლოში კი ყოველდღიურად ათობით პროცესი იმართება. ძალადობრივი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა მედია. ნაცემი და დაშავებულია ათეულობით ჟურნალისტი და ოპერატორი. რამდენიმე მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ბოლო შემთხვევა კი 7 დეკემბერს, ღამით თბილისის ცენტრში, ბესიკის ქუჩაზე მოხდა, TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შავებში ჩაცმული, ნიღბიანი უცნობი პირები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.